Site icon Civil.ge

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად სამი წლის ვადით იქნა არჩეული გაეროს გენერალური ასამბლეის 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველომ ჟენევაში განთავსებულ ამ 47-წევრიან საბჭოში დაიკავა ადგილი. საქართველო საბჭოს წევრი 2016-2018 წლებში იქნა და მას ასევე მიეცემა შესაძლებლობა, რომ მეორე ვადითაც იყაროს კენჭი.

დანარჩენი 17 ქვეყანა, რომლებიც ასევე იქნენ არჩეულნი პირველი ან მეორე ვადით არიან: ბელგია; ბურუნდი; კოტ დიუარი; ეკვადორი; ეთიოპია; გერმანია; კენია; ყირგიზეთი; მონღოლეთი; პანამა; ფილიპინები; კორეის რესპუბლიკა; სლოვენია; შვეიცარია; ტოგო; გაერთიანებული არაბთა ემირატები; და ვენესუელა.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან იყო საბჭოს წევრად სლოვენიასთან ერთად წარდგენილი. ამ რეგიონიდან მათ სხვა კონკურენტი ქვეყნები არ ჰყოლიათ; ეს ორი ქვეყანა ესტონეთსა და მონტენეგროს შეცვლის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში.

„საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კიდევ უფრო დახვეწოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე, იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაეროში მიმდინარე პროცესებში“, – ნათქვამია გაეროში საქართველოს მისიის განცხადებაში.