29 ოქტომბერს სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“.
ჩანაწერები, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა, „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავის და ასევე იმ ფონზე გავრცელდა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ შაბათს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით.
ერთ-ერთი ჩანაწერი მოიცავს საუბარს სააკაშვილსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის, ხოლო მეორე ჩანაწერში ექს-პრეზიდენტი მისი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ესაუბრება.
გვარამიამაც და ბოკერიამაც დაადასტურეს ამ საუბრების ნამდვილობა.
გვარამიამ განაცხადა, რომ ის ყოველთვის არ იზიარებს სააკაშვილის რჩევებს, ხოლო ბოკერიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან განიხილავდა, თუ როგორ უნდა აღუდგნენ წინ, თუ „რუსთავი 2“ ძალადობით ხელში ჩაგდების მცდელობა იქნება. ორივე მათგანმა გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანაში „უკანონო მოსმენები“ გრძელდება.
ამ ჩანაწერებზე თავის რეაქციაში სააკაშვილმა, რომელმაც არ უარყო ამ საუბრების აუთენტურობა, განაცხადა "ნურავის გაუკვირდება, რომ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას“ საქართველოში მედიის თავისუფლების დასაცავად.
სააკაშვილსა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ 19 ოქტომბერს შედგა, ექს-პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის დირექტორს ეუბნება, რომ მოსამართლე, რომელიც ტელეკომპანიის საკუთრებაზე დავას იხილავს, გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამოიტანს და ასევე „ერთმნიშვნელოვნად“ მოითხოვს მის დაუყოვნებლივ აღსრულებას.
გვარამიას კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ის მოვლენების განვითარებას ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილი პასუხობს: „უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე“.
„უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ… მოიმარაგოთ წყალი, ისა, ესა, და უნდა იყოს ჩვეულებრივად მრავალკვირიანი standoff-ი [დაპირისპირება]“, – ამბობს სააკაშვილი.
„უნდა გარშემო დააწყოთ დიდი ბარიკადები, უნდა ახლავე დაიწყოთ ამის მომზადება; რკინები, ისინი, ესინი მიიტანოთ, დააწყოთ, ჩვეულებრივი ციხე-სიმაგრე უნდა გააკეთოთ… გარშემო რამდენიმე დაცვის ხაზი, კარვები, ისა ესა, ეგ არის ერთადერთი, მანდ გზა სხვა არ არსებობს… ფიზიკური „უკრეპლენიები“ გააკეთე… რამდენიმე ბარიერი, მერე ბევრი რკინის კონსტრუქცია, სასწრაფოდ უნდა ააშენოთ; ახლავე უნდა დაიწყოთ მშენებლობა… შემდეგი სცენარი იქნება 22-ში [ოქტომბერს] შემოსვლა და [რუსთავი 2-ის] აღება. ეს აღება არ უნდა დაუშვათ, 1500-2000 კაცს ჩვეულებრივად ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ. უნდა გამაგრდეთ; როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსო, ძალიან გაუჭირდებათ“, – ამბობს სააკაშვილი.
გვარამია ეუბნება სააკაშვილს, რომ მას „შემოსავალში გაუჭირდება“, რაზეც სააკაშვილი პასუხობს: „რა შემოსავლები – ჩვეულებრივი რევოლუცია, ომია… აქ არის საუბარი კვირაზე და ორ კვირაზე“.
შემდეგ გვარამია ინტერესდება ეყოფა თუ არა ამ საქმეს ორი კვირა, რაზეც სააკაშვილი პასუხობს: „ერთმნიშვნელოვნად“.
„იშოვეთ ბოევიკები, რომლებიც დაიცავენ. საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება უცებ“, – ეუბნება სააკაშვილი გვარამიას.
მეორე სატელეფონო საუბარში, რომელშიც სააკაშვილი ბოკერიას ესაუბრება, ექს-პრეზიდენტი მას გვარამიასთან საუბრის შინაარს მოკლედ აცნობს და ეუბნება, რომ მან „რუსთავი 2“-ის დირექტორს ტელეკომპანიის შენობის „ბარიკადებით“ გამაგრებისკენ მოუწოდა.
„ხვალიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა რკინის კონსტრუქციების, ბევრი ბარიკადი უნდა გააკეთოს… თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბოევიკევით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ“, – ეუბნება სააკაშვილი ბოკერიას.
მას შემდეგ, რაც ბოკერია ეუბნება სააკაშვილს, რომ გვარამიას არ ჰყავს ბოევიკები, სააკაშვილი პასუხობს, რომ „პარტიამ უნდა დააყენოს“. ბოკერია შემდეგ ეუბნება მას, რომ ამისთვის „ვემზადებით, რომ პარტიამ დააყენოს“, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის ადგილმდებარეობა არ არის საუკეთესო ადგილი რკინის ბარიერებით ბარიკადების მოსაწყობად. ამაზე სააკაშვილი პასუხობს: „სწრაფად თუ ააშენებთ, აშენებადია“.
„სხვა გზას მე ვერ ვხედავ, ერთი კვირა უნდა გამაგრდეთ“, – თქვა სააკაშვილმა.
შემდეგ სააკაშვილი ეკითხება ბოკერიას: „ეს იდიოტი უცხოელები რას შვებიან?“
ბოკერიამ უპასუხა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებდა განცხადების გაკეთებას.
როცა ბოკერიამ კითხა სააკაშვილს, „როგორ განწყობაზე ეჩვენა“ გვარამია, ოდესის გუბერნატორმა უპასუხა, რომ გვარამიამ უთხრა, რომ „დაბნეულები არიან ჟურნალისტებიო, მაგრამ უნდა გაამხნევოს“.
„მე ვუთხარი, ნიკა, შეიძლება ატყდეს სროლა და მაგისთვისაც მზად უნდა იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია – თუ ეს არ შეგვიძლია, კაპიკია ჩვენი ფასი. სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ“, – თქვა მან ჩანაწერის ბოლოს.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სწავლობს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც უწყებამ 24 ოქტომბერს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
სააკაშვილის განცხადებები გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ
სააკაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებს თავის Facebook-ზე წერილობითი განცხადებით უპასუხა 29 ოქტომბერს, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება გაქრა მისი ოფიციალური გვერდიდან. თავდაპირველი განცხადების თანახმად, სააკაშვილი ამბობდა, რომ „თავისუფალი სიტყვის ბოლო ციხე-სიმაგრის დაცვა საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის ბრძოლის ტოლფასია“.
„ნურავის გაუკვირდება, რომ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა შესწევს. თუ გვინდა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პუტინის სცენარით საქართველოში თავისუფალი აზრის ჩახშობა. თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება, ამას გვასწავლის ევროპული დემოკრატიის ისტორია. სწორედ ასე, უხეში ძალის წინაშე მშვიდობიანი წინააღმდეგობით დაიცვა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი თავისუფლება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს იანუკოვიჩის მოდელით, მან უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ბოლო განცხადებების ფონზე, უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროვინციელი დიქტატორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სროლასაც კი არ მოერიდება“.
„მაგრამ, თუ ჩვენ ღირსებას შემართებით დავიცავთ და არ დავთმობთ თავისუფლებას, მისი ხვედრი ზუსტად იგივე იქნება რაც იანუკოვიჩმა გაიზიარა. ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა“, – წერდა სააკაშვილი თავის Facebook–ის გვერდზე თავის პირველ განცხადებაში, რომელიც ამჟამად წაშლილია.
მეორე განცხადებაში კი, რომელიც მისი Facebook–ის გვერდზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სააკაშვილი აცხადებს: „სატელეფონო საუბრებს იწერენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამუშავებენ პუტინის სპეცსამსახურები და სწორედ ამ ფორმით ხდება რუსული საიტების მიერ გავრცელება. ეს სრულიად აშკარად ატარებს მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს“.
„მე სხვა რამ უფრო მაღელვებს – ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი "ლიბერალი" მზადაა ჩემს მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი. ასე მოხდა 2012 წელს და ამავე გზას ადგანან დღესაც. საბედნიეროდ დღეისთვის ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას“, – ამბობს სააკაშვილი განცხადებაში, სადაც არ აკონკრეტებს, თუ ვის გულისხმობს „ზოგიერთ ლიბერალში".
„დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი შანტაჟის და მუქარის მიუხედავად, ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავისუფლებას და არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინაიდან დღეს ეს ერთი და იგივეა“, – აცხადებს სააკაშვილი. „მე ჯერ კიდევ 2012 წელს ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რომ ივანიშვილი აუცილებლად მიადგებოდა "რუსთავი 2"-ს. თუ ახლა არ მოხდა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლების დაცვა, რაც ერთი და იგივეა, მაშინ შეგვიძლია დავემშვიდობოთ თავისუფალი არჩევნების იდეასაც კი, და შემდგომში ბევრად უფრო დიდი ექსცესების ფასად დაგვიჯდება თავის დახსნა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“.
გვარამიას განცხადება გავრცელებულ ჩანაწერებზე
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენცია მოიწვია, რომელიც 29 ოქტომბრის 9 საათიან კურიერში გავიდა და განაცხადა, რომ მართალია სააკაშვილი მისი „მეგობარია“, მაგრამ იგი არ იზიარებს მის რჩევებს ტელეკომპანიასთან ბარიკადების მოწყობის თაობაზე.
გვარამიამ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ადასტურებს, რომ მთავრობა „უკანონო მოსმენებს“ ახორციელებს და ქვეყანაში „თავისუფალი სივრცე“ აღარ არის დარჩენილი. ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი მისი სატელეფონო ზარების მოსმენისა, მისი თქმით, შესაძლოა იყოს სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეთქმულების შესაძლო დაგეგმვის თაობაზე დაიწყო. თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ გავრცელებული სატელეფონო საუბრები, რომელიც სავარაუდოდ 19 ოქტომბერს შედგა, წინ უსწრებს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას, რომელიც 24 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ ჩანაწერები ასევე ადასტურებს მის ბრალდებებს, რომ ხელისუფლება მას აშანტაჟებს. გვარამიამ განაცხადა 21 ოქტომბერს, რომ მას ხელისუფლება დაემუქრა, რომ მისი პირადი ცხოვრების ვიდეოს და სააკაშვილთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს გაავრცელებდა, თუ უარს იტყოდა ტელეკომპანიიდან ჩამოშორებაზე.
„მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი. მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ყველაფერში ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს“, – განაცხადა გვარამიამ.
„დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს“, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ ის ფაქტი, რომ დაახლოებით 10 დღეა გასული ამ საუბრიდან და ბარიკადები არ არის ტელეკომპანიასთან, ადასტურებს, რომ მან სააკაშვილის პოზიცია არ გაიზიარა.
„გამომდინარე კონკრეტული პარტიული ტემპერამენტიდან რჩევები იყო განსხვავებული – დაგვენებებინა თავი და ვყოფილიყავით ფრთხილად, თუ ან გაგვეწია წინააღმდეგობა იმ ვითარებაში, როცა შესაძლებელი იყო ჩვენთვის ესროლათ. მაგალითად სააკაშვილი ფიქრობს ასე და ეს მისი პოლიტიკური გემოვნების და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, „რუსთავი 2“–ის მიზანი არ არის, რომ „რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში მოყვანა, მითუმეტეს იმგვარი მეთოდებით, რომელიც საერთოდ ვერ იქნება მედიასთან შეხებაში“.
„რუსთავი 2 არის მედია, ჩვენ მივიღეთ ყველასგან რჩევები… მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ. ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი: ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ტელეკომპანიას“, – განაცხადა გვარამიამ და მიმართა ხელისუფლებას: „თქვენ რუსთავი 2–ს ვერ ჩაიგდებთ ხელში. წერტილი“.
ბოკერიას განცხადება გავრცელებულ ჩანაწერებზე
ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, განაცხადა, რომ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლება „მასობრივ მოსმენებს“ ახორციელებს.
„ის პოზიცია, რასაც ჩვენ ვაფიქსირებთ საუბრისას, არის ჩვენი საჯარო პოზიცია“, – უთხრა ბოკერიამ ჟურნალისტებს 29 ოქტომბერს, „ჩვენთვის არის წითელი ხაზი „რუსთავი 2“–ის ჩახშობის მცდელობა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან“.
„ჩვენ იმიტომ ვდგავართ „რუსთავი 2“–ის შენობის წინ, რომ ვაპირებთ, არ დავუშვათ კანონის, კონსტიტუციის დარღვევით ინფორმაციის მთავარი წყაროს ჩახშობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს წინასწარ მოსუფთავება ველის 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე იმიტომ, რომ დარწმუნებულია, რომ მინიმალურად დემოკრატიულ ვითარებაშიც კი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას… ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება შევინარჩუნოთ კონსტიტუციურ ფარგლებში და 2016 წლის არჩევნების შედეგად გავაძევოთ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნებით. მაგრამ ეს არ მოხდება იმის ფასად, რომ ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ და არ გავუწიოთ წინააღმდეგობა „რუსთავი 2“–ის ძალადობრივად აღების მცდელობას“, – განაცხადა ბოკერიამ.
„რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურის განცხადება
„რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურმა განცხადება გაავრცელა ჟურნალისტების სახელით, რომელშიც ისინი აცხადებენ:„ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას“.
„ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს და ჩვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ მოგვეცეს საშუალება სრულფასოვნად შევასრულოთ ჟურნალისტებზე დაკისრებული მოვალეობები, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული. ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება აცილებული თავიდან ძალადობრივი ქმედებები, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება. ასევე მოვითხოვთ ხელისუფლებამ განმარტოს ამ ჩანაწერების წარმომავლობა, მოპოვების კანონიერება და ის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიო მასალა უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში. ასევე ვითხოვთ დამატებით განმარტებებს, რატომ არ გასაჯაროვდა ეს ჩანაწერები მათი მოპოვებისთანავე, რამდენადაც ჩანაწერებიდან სავარაუდოდ ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მათი შინაარსი ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ჩვენ ვაცხადებთ, რომ შევინარჩუნებთ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი და თავისუფალის სიტყვის დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ კამერა და მიკროფონია. მოვუწოდებთ სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობას, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვას ტელეკომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირები, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)