Site icon Civil.ge

საგარეო უწყებამ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით უკრაინელი დიპლომატი დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 ოქტომბერს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი მოიწვია, რათა პრეტენზიები გამოეთქვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაზეც ის გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში საუბრობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განუცხადა უკრაინელ დიპლომატს, რომ თბილისი „უკიდურესად უკმაყოფილოა“ სააკაშვილის გამონათქვამების გამო, რომლებიც შეიცავს „საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს“.

„აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ინტერნეტით გავრცელებულ ორ სატელეფონო ჩანაწერში, სადაც სააკაშვილი „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ესაუბრება, ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე მიუთითებს ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება, უცებ“.

„ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საგარეო უწყებამ უკრაინელი დიპლომატი სააკაშვილის გამო ბოლო რვა თვის განმავლობაში მოიწვია. თებერვალში უკრაინის ელჩი მას შემდეგ მოიწვიეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი თავის მრჩევლად დანიშნა; სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით, რომელთაც ის უარყოფს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს; 2015 წლის აპრილში კიევმა უარი უთხრა თბილისს სააკაშვილის ექსტრადიციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)