Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში მშპ–ის ზრდამ 2.2% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2% შეადგინა, ხოლო მესამე კვარტალში 2.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

2015 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. შარშან ამავე პერიოდში მშპ–ის 5.9%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

პარლამენტმა ივლისში მხარი დაუჭირა მთავრობის ინიცირებულ ცვლილებებს ბიუჯეტში, რის შედეგადაც 2015 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული მშპ-ის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. მთავრობა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.  

ოქტომბრის დასაწყისში სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings–მა საქართველოს რეიტინგი სტაბილურად შეაფასა და ქვეყანას “BB-” რეიტინგი დაუტოვა, რაც სამი საფეხურით ჩამოუვარდება ე.წ. "საინვესტიციო დონის" რეიტინგს. სარეიტინგო კომპანიამ განაცხადა, რომ დაფინანსების გარე წყაროები კვლავ სისუსტედ რჩება. 2015 წლის აპრილში სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურით შეცვალა.