Site icon Civil.ge

საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილის ერთმანდატიან ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები პარლამენტში ორი მაჟორიტარის ვაკანტური ადგილის შესავსებად იმართება, 5 საათისთვის ამომრჩეველთა დაახლოებით ერთი მესამედი მივიდა.

საარჩევნო უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე ამომრჩეველთა 28.1%–მა მისცა ხმა საგარეჯოში, ხოლო მარტვილში 33.1%–მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

აქტივობის მინიმალური ბარიერი ამ არჩევნებისთვის არ არსებობს.

საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს, თუმცა ძირითადი კონკურენცია ქარული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებს, შესაბამისად, თამარ ხიდაშელს და ირმა ინაშვილს შორისაა. საგარეჯოში ასევე იყრის კენჭს სამი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს – მიხეილ ანდღულაძე; გიორგი დავითაია; და ზურაბ ჯორბენაძე. მარტვილის ოლქში მხოლოდ ორი კანდიდატი იყრის კენჭს: ქართული ოცნებიდან სოსო დანელია და პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველია.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი აგვისტოში გამოუცხადეს.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა შაბათს დღისით, რომ საარჩევნო პროცესში „უმნიშვნელო დარღვევებს“ ჰქონდა ადგილი, რომლებიც „ძირითადად მოკლე დროში და ადგილზევე აღმოიფხვრა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 5 საათის მდგომარეობით მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარი შევიდა პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ხოლო საგარეჯოს საოლქო კომისიაში – 9.  

საგარეჯოს რაიონის 42-ე საარჩევნო უბნის სიახლოვეს ჩხუბი მოხდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატების მხარდაჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პატრიოტთა ალიანსმა ქართული ოცნება საგარეჯოსა და მარტვილში მისი კანდიდატების სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა; ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს და ოპონენტები უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებით არეულობის გამოწვევის მცდელობაში დაადანაშაულეს.

საგარეჯოს 50 საარჩევნო უბანზე 46 082 ამომრჩეველი, ხოლო მარტვილის 39 უბანზე  33 510 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

31 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ასევე იმართება დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს საკრებულოებში ვაკანტური მაჟორიტარული ადგილების შესავსებად.