Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, 2 ნოემბერი, 2015 წელი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა შეაქო საქართველო „მნიშვნელოვანი პროგრესისთვის“, თუმცა პოლიტიკური პარტიების და მედიის „თავისუფლებისა და მრავალფეროვნების“ დაცვისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენაც მოუწოდა.   
 
ბლინკენის და კვირიკაშვილის შეხვედრა 2 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართა აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეხუთე პლენარული სესიის ჩატარებამდე. აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ორმა ქვეყანამ 2009 წელის იანვარში მოაწერეს ხელი. კომისიის და მისი სამუშაო ჯგუფების ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს: დემოკრატია; თავდაცვა და უსაფრთხოება; ვაჭრობა და ეკონომიკა; ხალხთა შორის და კულტურული ურთიერთობები.
 
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას „ძლიერი და აქტიური პარტნიორობა“ აქვთ; მან   ნატოს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის შეაქო საქართველო, რომელიც მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია სამხედროების რაოდენობის მხრივ და განაცხადა, რომ საქართველომ პირობა დადო, რომ გაეროს სამშვიდობო მისიაში ბატალიონს გაგზავნის.
 
„დაწყებული ცენტრალური აფრიკიდან დამთავრებული ცენტრალური აზიით, როდესაც მსოფლიო თხოვს დახმარებას, საქართველოს პასუხობს [ამ დახმარებით]“, – განაცხადა ბლინკენმა, „მივესალმებით თქვენ მზადყოფნას ბატალიონი გაგზავნოთ გაეროს სამშვიდობო მისიაში და ასევე თქვენ მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში“.
 
ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის წინა პლენარული სესიის შემდეგ, რომელიც 2014 წლის თებერვალში გაიმართა და რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თავმჯდომარეობდნენ.
 
„დაახლოებით ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველომ მერების პირველი პირდაპირი არჩევნები ჩაატარა; მან მიიღო ანტი–დისკრიმინაციული კანონმდებლობა; ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და აბრეშუმის გზის ფორუმის დამფუძნებელ შეხვედრა უმასპინძლა [თბილისში ოქტომბერში] აღმოსავლეთ–დასავლეთის სავაჭრო დერეფნის ხელშეწყობის მიზნით; ეს არის ის, რაზეც მე და მინისტრმა ვისაუბრეთ“, – განაცხადა ბლინკენმა.
 
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ „ეს პროგრესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, რადგანაც ის „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ბორდერიზაციის პირობებში“ მოხდა.    
 
მისი თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს „ზომიერ რეაქციებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებთან მომხდარ პროვოკაციებზე“; მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა გამყოფი ბარიერების და ე.წ. სასაზღვრო ნიშნების აღმართვა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, რაც რუსეთმა ამ ზაფხულს განაგრძო.
 
ბლინკენი ასევე მიესალმა თბილისის ძალისხმევას, რომ კავშირები დაამყაროს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებთან. „ჩვენ მივესალმებით და სრულად ვუჭერთ მხარს შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი დასრულების მიზნით“, – განაცხადა მან.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ „მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის საუკეთესო გარანტორია ღია, ინკლუზიური საზოგადოება, სადაც ყვავის პოლიტიკური პლურალიზმი და კანონის უზენაესობას პატივს სცემენ“.
 
„მივესალმებით თქვენ პროგრესს და მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ რეფორმების ტემპი“, – მიმართა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.
 
მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავლისთვის და მისი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქტიური კონკურენციის ხელშეწყობა“. 
 
„ამის მისაღწევად“, – განაგრძო მან, „საქართველომ დემოკრატიის ორ მნიშვნელოვან ელემენტს უნდა დაუჭიროს მხარი და გააძლიეროს ისინი“.
 
„პირველი, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა. მივესალმებით თქვენს მიერ ცოტა ხნის რეფორმების კუთხით განხორციელებულ ძალისხმევას, მათ შორისაა საქართველოს შიდა უსაფრთხოების სისტემა და ციხეები, და მოგიწოდებთ გააღრმავოთ და გააფართოვოთ მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ასევე აუცილებელია, რომ ხალხს რწმენა ქონდეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და იცოდნენ, რომ ის იცავს მათ უფლებებს არა მხოლოდ რიტორიკით, არამედ რეალურად“, – განაცხადა ბლინკენმა.
 
„მეორე, ოპოზიციაა. მმართველმა კოალიციამ ეს სხვებზე უკეთ იცის. საგნობრივი პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცე უნდა იქნას შენარჩუნებული, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენი გვრჩება წუხილები. საქართველომ უნდა განაგრძოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, სადაც პოლიტიკური და უმცირესობის ჯგუფების წევრები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას, და მე და მინისტრმა ამ კუთხით არსებული გარკვეული პროგრესი განვიხილეთ“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
 
„მოკლედ რომ ვთქვათ, ველით თქვენგან, რომ დაიცავთ თქვენი პოლიტიკური პარტიების და მედიის თავისუფლებას, როგორც საქართველოს დემოკრატიის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს“, – დასძინა მან.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ „ძალიან ძლიერია“ და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა „მზად არის აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანოს“.
 
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს და აშშ–ს „ძლიერი თანამშრომლობა“ აქვთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში; აშშ–ის მხარდაჭერა, განაცხადა მან, საშუალებას აძლევს საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს თავდაცვითი ტრანსფორმაციის პროცესში“.
 
„თუმცა, როგორც ზრდადი რეგიონალური გამოწვევები, ისე გლობალური რყევები ჩვენზე დიდ ზეწოლას ახდენს, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
„ამ სტრატეგიული აუცილებლობის გამო“, – განაგრძო მან, „მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესება პოლიტიკური, თავდაცვითი და ეკონომიკური საშუალებებით, რათა გაიზარდოს მისი თავდაცვისუნარიანობა, სიმტკიცე და შეკავება“.
 
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მომავალი წლის ვარშავის სამიტი ნდობას გამოუცხადებს საქართველოს მისი წარმატებული რეფორმებისთვის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში და „წინ წაწევს ჩვენს ქვეყანას ალიანსის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.
 
„ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციულად ძლიერი ლიდერობა აუცილებელი იქნება ამ კუთხით. ჩვენის მხრივ, სიამაყით გავიმეორებ, რომ საქართველო კვლავაც ერთგული დარჩება ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის [ავღანეთში]“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
 
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი კვლავაც „ძლიერ უჭერს მხარს“  საქართველოს მისწრაფებებს ნატოში.
 
რაც შეეხება ვაჭრობის და ეკონომიკურ საკითხებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „უზარმაზარი აუთვისებელი პოტენციალი არსებობს“ თანამშრომლობის გასაძლიერებლად. 
 
გასულ კვირას კვირიკაშვილი აშშ–ის წარმომადგენელს ვაჭრობის საკითხებში მაიკლ ფრომანს შეხვდა და აშშ–საქართველოს მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 2012 ჩაეყარა საფუძველი პრეზიდენტ ობამას და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ. იმ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი  მნიშვნელოვანი ადგილია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხების, მათ შორის „აშშ–საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ განსახილველად.
 
დემოკრატიული რეფორმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია „ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია დაუსრულებელი პროცესია“. 
 
„ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო მუშაობას ჩვენს წამყვან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამ სფეროებში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მისაღწევად“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)