საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე გაზარდა 4 ნოემბერს.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 ნოემბერს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ“.
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.8%-ს მიაღწია და ეროვნული ბანკის საპროგნოზო 5%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა.
„მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა შენარჩუნდება, შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 5 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა.
მისივე თქმით, ინფლაციაზე გავლენა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მოახდინა. ლარმა თავის ღირებულების 36.7% დაკარგა დოლართან მიმართებაში შარშან ნოემბრის შემდეგ, ხოლო27.3% ამ წლის დასაწყისიდან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 ოქტომბერს ლარის მხარდასაჭერად სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. წელს ეს ეროვნული ბანკის უკვე მეშვიდე ინტერვენცია იყო – სულ ბანკმა 246.96 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ იმპორტის კლებამ, რომელიც 2015 წლის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 14%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შეასუსტა ზეწოლა ლარზე და „შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია“.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი 4%–დან 4.5%–მდე გაზარდა, რასაც მოყვა შემდეგი ზრდა მაისში 5%–მდე, ივლისში 5.5%–მდე, აგვისტოში 6%–მდე და სექტემბერში 7%–მდე.
ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%–ს 2011 წლის სექტემბერში შეადგენდა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.