Site icon Civil.ge

ღარიბაშვილმა ლიტვის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4-5 ნოემბერს ვილნიუსში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ პრემიერ ღარიბაშვილთან ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს პროგრესი განიხილა იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში წევრობისთვის აუცილებელია, იტყობინება ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ქართველი ხალხის მყარი გადაწყვეტილების მიუხედავად იაროს ევროპულ გზაზე, ადამიანის უფლებების დარღვევა, მასმედიის თავისუფლების შეზღუდვა და პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოებები ამუხრუჭებს ამ ქვეყნის პროგრესს რეფორმების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტემ.

შეხვედრების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში სათაურით  – „საქართველოს ევროპულ გზაზე შიდა დაბრკოლებებია“,  დალია გრიბაუსკაიტეს სიტყვებზე დაყრდნობით ასევე ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის წარმატება თავად საქართველოს ხელშია და ყველაფერი ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკურ ნებაზე და ოპოზიციასთან საჭირო რეფორმების გატარების თაობაზე ეფექტური დიალოგის წარმოებაზეა დამოკიდებული.

ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, გრიბაუსკაიტეს თქმით, საქართველოს „პროგრესი ნათელია“, თუმცა „გაზრდილი ყურადღების გამახვილება  იგეგმება აქამდე დაწყებული მუშაობის გაგრძელებაზე – საკონსტიტუციო, სასამართლო რეფორმის გატარებაზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“. ამ კონტექსტში მან ასევე ახსენა საქართველოს პროკურატურის მიმდინარე რეფორმა.

4 ნოემბერს თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ საკითხებს.

შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის მიღების პერსპექტივა.  ევროკომისია თავის მომდევნო ანგარიშს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. თბილისი იმედოვნებს, რომ კომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების რეკომენდაციას მისცემს.

„ჩვენ ველით, რომ ეს [ანგარიში] იქნება პოზიტიური და საბოლოო და მას მოყვება ევროკავშირის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე“, – განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.

5 ნოემბერს ვილნიუსმა ასევე უმასპინძლა საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომას, რომელსაც ლიტვისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები უძღვებოდნენ.

"საქართველო მზად არის, სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი ჩვენ შორის ენერგორესურსების, ასევე ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საქმეში. ამ სფეროებში ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ლიტვის პრემიერმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.5%-ით გაიზარდა და 53.9  მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოდან ლიტვაში ექსპორტი 4.7%-ით, 20.7 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ლიტვიდან საქართველოში იმპორტი 17%-ით გაიზარდა და 33.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს ლორეტა გრაუჟინიენეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)