Site icon Civil.ge

სამოქალაქო ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინება ‘რუსთავი 2’–ის სარედაქციო დამოუკიდებლობას ანადგურებს’

ერთობლივ განცხადებაში ცხრა არასამთვრობო ორგანიზაციამ დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობის შემოღების თაობაზე, როგორც „უკანონო“ ქმედება, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ ტელეკომპანიის საკუთრებაზე მიმდინარე დავა მიზნად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს.

„თავის განჩინებაში მოსამართლე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და ახალ ხელმძღვანელობას ჟურნალისტების შეცვლის უფლებას ანიჭებს. ეს განჩინება ცხადყოფს, რომ „რუსთავი 2“–ზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები რეალურად მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად“, – ნათქვამია ინგლისურენოვან განცხადებაში, „ახლა ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის  ავლის მიზნით იქნა მიღებული, რომელმაც „რუსთავი 2“–ის საკუთრების შეცვლის შესახებ სამოქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება აღკვეთა“.

„ეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“–ის სარედაქციო დამოუკიდებლობას ანგრევს, ფუნდამენტურად უთხრის ძირს მედიის თავისუფლებას, ქვეყანაში მედია პლურალიზმს ანადგურებს და საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგს და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. „რუსთავი 2“–ის, როგორც კრიტიკული სატელევიზიო არხის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მეგობარს დაუყონებლივ დააყენონ ეს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მაღალ დონეზე.  „რუსთავი 2“–ზე ზეწოლა დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს და მან დაუბრკოლებლად უნდა განაგრძოს მაუწყებლობა. „რუსთავი 2“–ს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სასამართლოს უფლება, რომელიც მას ამჟამად წაართვეს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„ამ გადამწყვეტ მომენტში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ იპოვოს სამართლებრივი გამოსავალი არსებული ძალიან სახიფათო ჩიხიდან. საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის ამ კრიტიკულ მომენტში“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მედიის განვითარების ფონდი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; ალიანსი ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე და სამოქალაქო განათლების ფონდი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)