ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან აშშ-ის ელჩი იან კელი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც მან „უაღრესი შეშფოთება“ გამოთქვა რუსთავი 2“-ის „მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენების" გამო და აღნიშნა, რომ “არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს“.
აშშ-ის საელჩომ თბილისში იან კელის განცხადება 6 ნოემბერს მას შემდეგ გაავრცელა, რაც წინა დღეს გვიან ღამით ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ იმ ფონზე, როცა ტელეკომპანიის საკუთრებაზე სასამართლო დავა გრძელდება.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის საელჩოსგან მოითხოვს განმარტებას და პასუხს, თუ „რას ნიშნავს, ღამით მომხდარი პროცესები“. მისი თქმით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 5 ნოემბერს დღისით მიიღო და ეს განჩინება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა აღსასრულებლად იმავე დღის 18 საათზე მიიღო, რაც ვებ-გვერდზე „7-ის წუთებზე“ გამოქვეყნდა, რადგან „არაფერი არ არის დასამალი, როდესაც საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის“. ამის შემდეგ, წულუკიანის განცხადებით, დადგა დღევანდელი დღე − 6 ნოემბერი და დილით 9 საათსა და 20 წუთზე საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება.
„მე მინდა, მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს, რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააკეთა და რომელიც, ვიტყოდი, არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს. ღამით გუშინ სახელმწიფოს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს“, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა 6 ნოემბერს ჟურნალისტებს.
„მინდა, ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამე მომხდარი, თუ არის რაიმე ღამე მომხდარი, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება, ამიტომ მე მჭირდება ამ განცხადების განმარტება და პასუხი“, – კიდევ ერთხელ გაიმეორა მან.
იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში უარყო „პოლიტიკური სარჩულის“ არსებობა „რუსთავი 2“-ში მმართველობის შეცვლაზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, ანალოგიური განცხადება გააკეთა მმართველი კოალიცია ქართული ოცნების საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ და აშშ-ის ელჩს უმრავლესობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
„ბატონი კელის განცხადებას ამ მხრივ ნამდვილად ვერ მივესალმები იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არცერთ დონეზე – არც აღმასრულებელი და არც საპარლამენტო ხელისუფლება – „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ჩართულები არ ვართ“, – განაცხადა დეპუტატმა კვაჭანტირაძემ, რომელიც უმრავლესობის ლიდერი ცოტა ხნის წინ გახდა.
„მე ვისურვებდი, რომ ჩემი უღრმესი პატივისცემის გამოხატვის დადასტურებით, ბატონ ელჩს ჰქონოდა უფრო მეტი კონტაქტები უმრავლესობის წარმომადგენლებთან“, – განაგრძო მან, „მე ვიცი, რომ იგი აქტიურად ხვდება უმცირესობის წარმომადგენლებს, საპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ თუ დაინტერესდებოდა ჩვენთან უფრო აქტიური კონტაქტით, უფრო დამადასტურებელ და უფრო სრულყოფილ პასუხებს მიიღებდა ჩვენი პოზიციის შესახებ“.
ქართული ოცნების დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კიდევ უფრო შორს წავიდა და ელჩისგან გაკეთებული განცხადებების გამო „ბოდიშის მოხდა“ მოითხოვა.
„თვით ამერიკის ელჩსაც კი არ აქვს უფლება ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში“, – განუცხადა მეჭიაურმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, „არც მეგობარს არ აქვს [უფლება] ასეთი ფორმით მომმართოს მე, ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობასაც აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონ არ უნდა გადავიდეს“.
„მე მგონია, რომ საჭიროა მან ბოდიშიც მოიხადოს ამის გამო“, – განაცხადა მეჭიაურმა.