ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი „აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორ ქვეყნებში ფართო ტურნეს“ ფარგლებში უკრაინას და საქართველოს ეწვევა, განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა.
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ 10 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრებს.
მოგერინი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე ეწვევა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს. მოგერინი გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზეც გამოვა სიტყვით.