Site icon Civil.ge

ევროკავშირისა და აშშ-ს დიპლომატიური მისიების ერთობლივი განცხადება „რუსთავი 2“-ის შესახებ

აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელები 6 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში  „შეშფოთებას“ გამოხატავენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში „ახალი მმართველების დანიშვნის გამო“ და მთავრობასა და მართლმსაჯულების ინსტიტუტებს მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

„ჩვენმა საელჩოებმა არა ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს“, – აცხადებენ ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიები. 

„მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს“, – აცხადებენ დიპლომატიური მისიები.

ერთობლივ განცხადებამდე, აშშ-ის საელჩომ  საქართველოში ცალკე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ელჩი იან კელი  უაღრესად შეშფოთებულია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული უკანასკნელი მოვლენებით. ამ განცხადებას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკა მოყვა.

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა 6 ნოემბერს ასევე გამოთქვა შეშფოთება“რუსთავი 2“–ის მმართველების შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ ეს  წამყვანი მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოზე, ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლანდგრენმა ასევე გამოხატეს „ღრმა შეშფოთება“ და განაცხადეს, რომ მმართველობის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება „რეალურად „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საშუალებას იძლევა მაშინ, როცა გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობს“.

„ამას გარდა, თბილისის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება, სულისკვეთებით მაინც, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს განაჩენების დაუყოვნებლივი აღსრულება შეჩერებულია იმ დროს, როდესაც გასაჩივრების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ღრმად ვართ შეშფოთებულნი ამ გადაწყვეტილების შედეგების გამო და ასევე იმ კითხვების გამო, რომლებიც ამის შედეგად სასამართლო პროცესის შესახებ ჩნდება“, – განაცხადეს მათ.