Site icon Civil.ge

მარგველაშვილი: 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების ქცევას ‘უარყოფის განაჩენი გამოვუტანეთ’

2007 წლის 7 ნოემბერი, როცა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ოპოზიციის საპროტესტო აქციების და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა მოხდა, ის „ერთ-ერთი ყველაზე დრამატული“ თარიღია, რომლის გამოც „ყველამ ერთად უარყოფის განაჩენი გამოვუტანეთ ხელისუფლების ქცევას“ და "ვთქვით, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილი ჩვენთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა", განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„მე კვლავ ამ ფასეულობათა, ამ გადაწყვეტილების ერთგული ვარ“, – განაცხადა მან შაბათს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

„2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი აირით, მედიის თავისუფლების შელახვით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფით დაუპირისპირდა  და უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენა ახალგაზრდა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული საზოგადოების რეაქცია მყისიერი და მკვეთრი იყო“, – აცხადებს პრეზიდენტი, „ჩვენ, ყველამ ერთად უარყოფის განაჩენი გამოვუტანეთ  ხელისუფლების ქცევას.  ამ სულისკვეთებით დავუპირისპირდით 2012 წელს ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის  ავტორიტარულ მმართველობას“.

„ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილი ჩვენთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა.  რომ ქვეყანაში აღარასდროს იქნება ძალადობა, წამება, შანტაჟის პოლიტიკით მართვა, აღარასდროს შეიზღუდება მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღარასდროს გახდება სასამართლო ხელისუფლების მსახური, აღარასდროს იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამას ვამბობდით და ვიმეორებთ იმიტომ, რომ გვჯერა დემოკრატიული ღირებულებების, საკუთარ თავზე გადავიტანეთ უსამართლობა და მომსწრენი და მონაწილე ვართ იმისა, როგორ შეაქცია ქართველმა ხალხმა ზურგი მოძალადეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მწამს, რომ ამ ფასეულობებს იზიარებს ქართული საზოგადოება. ჩვენ სწორედ ასეთ – დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოს ავაშენებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

7 ნოემბრის მოვლენების მერვე წლისთავთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  და ამ თარიღს „საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე“ უწოდა, რომელიც „ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ“.

„მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“, – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი.