მთავრობა პარლამენტისთვის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენას გეგმავს, რაც წელს მთავარ ფინანსური კანონის უკვე მეორე შესწორება იქნება.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების 96 მლნ ლარით გაზრდას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 77 მლნ ლარით შეკვეცას.
ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 9 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა, ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოსავლების 120 მლნ ლარით გაზრდა.
დაახლოებით ოთხი თვის წინ, როცა პარლამენტმა პირველი შესწორება შეიტანა 2015 წლის ბიუჯეტში, საგადასახადო შემოსავლების თავდაპირველად პროგნოზირებული მაჩვენებელი 200 მლნ ლარით შემცირდა 7.4 მლრდ ლარამდე.
96 მლნ ლარი, რომლის დამატებაც მთავრობას ჯანდაცვის სამინისტროსთვის სურს, ძირითადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მოხმარდება.
ამჟამად ამ პროგრამის დაფინანსება 470 მლნ ლარია, რაც ჯანდაცვის სამინისტროს 2.785 მლრდ ლარის დაფინანსების 16.9%-ს და მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების – 8.856 მლრდ ლარის – 5.3%-ს შეადგენს.
პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება წელს 566 მლნ ლარამდე გაიზრდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ პროგრამის 570 მლნ ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.
საყოველთაო დაზღვევა ერთ-ერთი ის მთავარი საკითხია, რომელიც მთავრობას თავის „სოციალურად ორიენტირებული“ და ადამიანის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის მაგალითად მოყავს და ყოველთვის ლიდერობს, როცა ქართული ოცნების კოალიცია და ოფიციალური პირები ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარ მიღწევებს ასახელებენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრი იყო და ამჟამად ხშირად აკრიტიკებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას იმის გამო, რომ ხარჯების მუდმივად ზრდისკენ არის მიდრეკილი, ამ თვის დასაწყისში აცხადებდა, რომ პროგრამას დაფინანსების პრობლემები შეექმნა და მთავრობას არსებული დეფიციტის შესავსებად სულ ცოტა 94 მლნ ლარის დამატება დაჭირდებოდა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ორშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა „ძალიან წარმატებული პროექტია და ბევრი ადამიანი ღებულობს მომსახურებას“.
„საჭირო გახდა თანხების დამატება“, – დასძინა მან.