Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის საჭიროებაზე საუბრობს

გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდისკენ მიმართული ხელისუფლების „ძალისხმევა“ კონკრეტულ შედეგებში აისახება, როდესაც მომავალ წელს საქართველო ახალ პარლამენტს აირჩევს.

მართალია მას კონკრეტული ინიციატივა არ უხსენებია, თუმცა სექტემბერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა იდეას პარლამენტში სავალდებულო კვოტირების შემოღების თაობაზე, რათა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში და ადგილობრივ საკრებულოებში.

„ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებშიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 10 ნოემბერს თავის გამოსვლაში კონფერენციაზე სახელწოდებით „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. 

კონფერენციაზე ასევე გამოვიდა სიტყვით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, რომელიც უკრაინაში ვიზიტის შემდეგ თბილისს სტუმრობს.

9 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში კონფერენციის მონაწილეთათვის გამართულ მიღებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ადრე კვოტირების სისტემის შემოღებას მხარი დაუჭირა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროა „გვქონდეს  სტაბიულური სისტემა, იმისათვის, რომ სახელმწიფოში უზრუნველვყოთ რეალური გენდერული თანასწორობა“. ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, კვოტირების სისტემის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ახსენა, რომელიც პარლამენტში განიხილება.

პარლამენტში განსახილველად ორი ინიციატივაა წარდგენილი. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი ინიციატივა სქესთა 50%–იანი ბალანსის დაცვას ითვალისწინებს, რომლის დროსაც ყოველი მეორე კანდიდატი საარჩევნო სიაში ქალია; მეორე ინიციატივა კი, რომელიც  ქართული ოცნების დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, გულისხმობს საარჩევნო სიაში ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის ჩასმას.

პირველი ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში,  ქალი დეპუტატების რაოდენობა  არსებული 11.3%–დან სულ ცოტა 25%–მდე გაიზრდება მომდევნო პარლამენტში.

მეორე ინიციატივა, რომელიც მოდიფიცირებული სახით 9 ნოემბერს დარეგისტრირდა პარლამენტში და მისი მიღების ალბათობა უფრო მაღალია, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობას სულ ცოტა 16.6-მდე გაზრდის.

ამჟამად, 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 17 ქალი დეპუტატია; ეს რაოდენობა 18–მდე გაიზრდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულის სადეპუტატო უფლებამოსილებას ცნობს.

150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 77 ადგილი პროპორციული წესით ნაწილდება, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქში ირჩევა.

დეკლარაციის პროექტი, რომლის მიღებასაც თბილისის კონფერენციის მონაწილენი გეგმავენ, „აღიარებს შემდგომი კონკრეტული ქმედებების განხორციელების საჭიროებას, რაც უზრუნველყოფს ქალთა მზარდ წარმომადგენლობას და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათ მონაწილეობას… სპეციალური დროებითი ზომების, მათ შორის სავალდებულო კვიტორების გამოყენების გზით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)