უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს თბილისის პოლიციის ერთ–ერთ განყოფილებაში პოლიციელების მიერ ადვოკატის ცემის თაობაზე არსებული ბრალდებები.
ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, რომ ის 8 ნოემბერს დილით თბილისის ვაკე–საბურთალოს მე–5 განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს.
მისი თქმით, მას ხუთმა პოლიციელმა, მათ შორის ვაკე–საბურთალოს პოლიციის უფროსმა, სცემა. მან ტვინის შერყევა მიიღო და სახეზე ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები.
პროკურატურამ განაცხადა, რომ სავარაუდო ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს უფლებამოსილება შეუჩერდა მიმდინარე გამოძიების პროცესში.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან", – განაცხადა შსს-მ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი მდინარაძე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატია. ეს სახელმწიფო ორგანიზაცია უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის.
მდინარაძემ, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან მისი დაცვის ქვეშ მყოფს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია, მას პოლიციელებმა ხელბორკილი დაადეს და სცემეს.
„მათ ხელბორკილები დამადეს უკან, ანუ თავის დაცვის საშუალებაც არ მომეცა, რომ ხელი მაინც მიმეფარებინა სახეზე“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.
ამ ფაქტს უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტი მოყვა. მათ მოუწოდეს პროკურატურას სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ინციდენტი.
თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა 9 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ ეს ფაქტი „კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავ სისტემაში პასუხისმგებლობის არაეფექტური მექანიზმებისა და დაუსჯელობის პრობლემას“.
„მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ, ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას ამ სფეროში და არსებითად აზიანებს ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დასძენს, რომ უფლებამოსილების გადამეტების წინა შემთხვევები არ იქნა სწრაფად და ეფექტურად გამოძიებული, რაც „აღქმულია როგორც სისტემური საფუძვლების მქონე პრობლემა და არა ერთეული გადაცდომები“.
იურიდიული დახმარების სამსახურმა, რომელიც პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული და სადაც ადვოკატი მდინარაძე მუშაობს, დაგმო ინციდენტი და საკანონმდებლო ორგანოს გამოძიების პროცესზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლისკენ მოუწოდა.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 8 ნოემბერს, რომ ამ საქმის გამოძიება „ერთგვარი ტესტია, რამდენად არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი, რამდენად დაცულია ადამიანის უფლება და რა ლეგიტიმურ ჩარჩოებში ზის პოლიციის უფლებამოსილება“.
პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ, რომელმაც 9 ნოემბერს ადვოკატი მდინარაძე საავადმყოფოში მოინახულა, დაგმო მისი ცემის ფაქტი და მას „აღმაშფოთებელი“ უწოდა.
„კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იქნება ის, თუ ამას არ მოყვა უსწრაფესი გამოძიება და დამნაშავე პირების კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა. პრეზიდენტი ინფორმირებულია და ამ საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალს“, – განაცხადა კოჟორიძემ.