Site icon Civil.ge

მოგერინი მიესალმება ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობას, 2016 წელს ‘დემოკრატიული იმპულსის’ შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიესალმა ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „პოზიტიური“ უწოდა.

მოგერინიმ, რომელიც უკრაინაში ვიზიტის შემდეგ თბილისს ეწვია, 10 ნოემბერს შეხვედრები გამართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან; ის ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მონაწილეობა მიიღო გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლეთა თანხლებით ასევე მოინახულა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი.

„მე ნამდვილად ვაფასებ საქართველოს როლს, პირველ რიგში, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. ასოცირების შეთანხმების განხორციელება მნიშვნელოვანია; ის პარტნიორობა, რომელიც ამ განხორციელების პროცესში განვავითარეთ, კარგად მიდის და ნამდვილად ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელიც ერთად გავაკეთეთ“, – განაცხადა მოგერინიმ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები მომავალ კვირას ბრიუსელს ეწვევიან, სადაც 16 ნოემბერს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა გაიმართება.

„ნება მომეცით კიდევ ვთქვა რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რასაც ნამდვილად ვაფასებთ და ეს არის საქართველოს წვლილი ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიებში და ოპერაციებში“, – განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა საქართველოს წვლილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში  და დასძინა, რომ „ეს არის ყოველდღიური კონკრეტული თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე“.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მოგერინიმ განაცხადა, რომ მართალია ის წინასწარ ვერ განჭვრეტს, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტები, მაგრამ „მე ყველა დადებით ნიშანს ვხედავ“. 

ევროკომისია თავის მომდევნო ანგარიშს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. თბილისი იმედოვნებს, რომ კომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების რეკომენდაციას მისცემს.

„ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ რა თქმა უნდა, ნაბიჯები ნამდვილად პოზიტიურია“ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, განაცხადა მოგერინიმ.

„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის შედეგი შრომატევადი, კარგი მუშაობისა და მთავრობის, და მე ვიტყოდი, მთლიანი ქვეყნის ძლიერი პოლიტიკური ნებისა. ვიმედოვნებ, რომ დადებით სიახლეებს მივიღებთ… მომავალში“, – დასძინა მან.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ შიდა პოლიტიკური გარემო – 2016 წელი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება საქართველოსთვის; ჩვენ განვიხილეთ იმის საჭიროება, რომ უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური გარემო, რომელიც იქნება მშვიდი, პატივისცემით გამსჭვალული და სადაც უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიული, ინკლუზიური და მონაწილეობრივი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა მოგერინიმ.

„ასევე განვიხილეთ ის, რომ საჭიროა ეს დემოკრატიული იმპულსი მთელი 2016 წლის მანძილზე შენარჩუნდეს… და ისევ მოგიწოდებდით, რომ სიმშვიდე და თავშეკავება გამოიჩინოთ“, – განაცხადა მან.

ამ დროს პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი ჩაერია და დაამატა, რომ სიმშვიდესა და თავშეკავებასთან ერთად, პოლიტიკაში ნაკლები ემოციებიც უნდა იყოს.

„იცით, ემოციები პოლიტიკაში – ქართველსაც და იტალიელსაც კარგად ესმის, რას ნიშნავს ეს“, – უპასუხა მოგერინიმ.

„და მაინც, ემოციების გარდა“, – განაგრძო მან, „თავად ჩარჩოა მნიშვნელოვანი; ეს არის მედიის თავისუფლება, პლურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასევე ის, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებების გაღვივების ან მოწოდებისკენ, რომელიც არ იქნებოდა სასარგებლო საზოგადოებისთვის; რა თქმა უნდა, ძალადობრივი ქმედებები ვერ იქნება კონსტრუქციული კამპანიის საერთო განწყობისთვის… სწორედ ეს არის, რასაც ვგულისხმობთ ევროპულ ღირებულებებში, ევროპულ პრინციპებში, ევროპულ დღის წესრიგში“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის „ძირითადი გზავნილი დღეს არის, რომ ევროკავშირის აქტიური ჩართულობა არის გადამწყვეტი საქართველოსთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ მოგერინიმ დაარწმუნა, რომ ევროკავშირი მზად არის „უფრო მეტი ინტენსიურობით გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს და ევროკავშირს შორის“.

„ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველო იყოს მართლაც წარმატების მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე ევროპული არჩევანი, ეს არის არჩევანი ჩვენი ხალხის, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების „ეფექტიანი განხორციელება“ არის „ჩემი მთავრობის უმთავრესი ამოცანა“.

„ჩვენმა მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ანგარიშში დადებითად იქნება ასახული ჩვენი ქვეყნის მიღწევები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს თავისუფალ მედია გარემოს და სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებებს. ჩვენ ამ კუთხით მართლაც ძალიან ბევრი გავაკეთეთ უახლოესი სამი წლის განმავლობაში და ვართ აღიარებული ლიდერი მთელს რეგიონში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ არსებული ვითარება. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)