არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული კომენტარები „დემოკრატიული ინსტიტუტების“ მიმართ, „განსახვავებული მოსაზრებების მიუღებლობაზე მეტყველებს“ და მისი „არაფორმალური გავლენის“ პირობებში „უარყოფით გავლენას ახდენს“ ხელისუფლებაში განწყობების ფორმირებაზე.
11 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის წინა დღეს გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებიც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან და პრეზიდენტის საქმიანობის ადგილსამყოფელის შეცვლის საკითხთან ერთად, ასევე მოიცავდა კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით კი საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიმართ, რომელზეც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ „თავის გამოსვლებით ამახინჯებს სამოქალაქო საზოგადოებას“, რომლის ნაწილადაც „ასაღებს თავს“ მაშინ, როცა „რეალურად ის გახლავთ ყველაზე დიდი კრიტიკოსი, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა, დღევანდელი ხელისუფლების და პირადად ჩემი“ და „ძალიან სასურველია, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პოლიტიკაში“.
„ყოფილი პრემიერის მცდელობა კრიტიკული მოსაზრებების გამო დემოკრატიული ინსტიტუტები დააკავშიროს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებთან და ამით მათი დამოუკიდებელი სტატუსი და შეფასებები ეჭვის ქვეშ დააყენოს, განსახვავებული მოსაზრებების მიუღებლობაზე მეტყველებს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ივანიშვილის ეს განცხადებები, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის თბილისში სტუმრობის დროს გაკეთდა, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის აზრით, შესაძლოა „უარყოფითად აისახოს ვიზიტის შედეგებზე“; მოგერინისთან გამართულ ცალკე შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესის წარმოსაჩენად, განცხადების თანახმად, „განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის გაძლიერებაზე და ამით გამოწვეულ საფრთხეებზე“.
„ყოფილი პრემიერი ტრადიციულად აკრიტიკებს იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროპული ღირებულებების ერთგულები არიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაში“, – აცხადებენ განცხადების ავტორი შემდეგი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; იდენტობა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია.
„ყოფილი პრემიერის კრიტიკული ხედვები, საქართველოს ხელისუფლებაზე მისი არაფორმალური გავლენის პირობებში, უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„გვსურს, მოვუწოდოთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში თავი შეიკავოს იმ ტიპის განცხადებებისგან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, მედიათავისუფლების, პლურალიზმის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებს“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი.