პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთ ლიდერს ირმა ინაშვილს, რომელსაც შუალედური არჩევნები საგარეჯოში მცირე განსხვავებით მოუგო ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ინაშვილმა და "პატრიოტთა ალიანსის" რამდენიმე წევრმა შიმშილობა მთავრობის რეზიდენციის წინ 9 ნოემბერს, საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, დაიწყეს.
თავდაპირველად, როდესაც შიმშილობის აქცია დაიწყო, ისინი სხვა საკითხებთან ერთად თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის და გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის გადადგომასაც ითხოვდნენ – ორივე მათგანი რესპუბლიკური პარტიიდანაა. პატრიოტთა ალიანსი ორ მინისტრს საგარეჯოში 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს, რამაც ქართული ოცნების კანდიდატის თამარ ხიდაშელის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
შემდეგ უკვე ძირითადი აქცენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნაზე გადავიდა, რასაც ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიაც აყენებს.
ქართული ოცნების კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა შუალედური არჩევნები საგარეჯოში, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა, მხოლოდ 599 ხმით მოუგო ირმა ინაშვილს.
ინაშვილის ერთ–ერთი მთავარი პრეტენზია იმას ეხებოდა, რომ სპეციალური საარჩევნო უბანი, რომელიც მუხროვანის სამხედრო ბაზის სამხედროებისთვის გაიხსნა, არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის იქნა გამოყენებული.
ინაშვილმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა, თუმცა ვერ მოიგო; ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ნოემბრის სხდომაზე პროცედურული მიზეზების გამო განუხილველი დატოვა ის საჩივარი, რომლითაც ინაშვილი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებს საბოლოო ჯამში გავლენა არ მოუხდენიათ არჩევნების შედეგებზე.
თუმცა, ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნულმა დარღვევებმა და ასევე, სხვა პრობლემებმა, რომლებიც გამოვლინდა შუალედურ არჩევნებზე, დაადასტურა მოქმედი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობა. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, რომელიც სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში წარიმართება. მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
12 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ირმა ინაშვილმა ქართული ოცნების კანდიდატს „რეალური“ ოპონირება გაუწია შუალედურ არჩევნებზე.
„ფაქტია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გარემო ღია და კონკურენტული გახდა. ეს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის დამატებითი ფაქტორია, რომ ოპონირების პირობებში გაორმაგებული ძალისხმევით იმუშაოს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„ასევე, მიმაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესებას და დახვეწას საჭიროებს, რაზეც მიმდინარეობს კიდეც მუშაობა. იმედი მაქვს, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა კონსტრუქციულად ჩაერთვება“, – განაცხადა მან.
„მინდა მივმართო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, შეწყვიტონ პროტესტის ეს რადიკალური ფორმა [შიმშილობა] და საარჩევნო კანონმდებლობასთან თუ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, გააგრძელონ ოპონირება“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ 11 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციის წინ მოშიმშილეები მოინახულა.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ამჟამად იაპონიას სტუმრობს, ჩიხრაძის ამ სტუმრობას Facebook-ით გამოეხმაურა და სთხოვა პრეზიდენტის მრჩეველს აეხსნა, თუ რას ემსახურებოდა მისი ვიზიტი მოშიმშილეებთან – იყო ეს უბრალოდ „სოლიდარობის“ გამოხატვა, თუ „უბრალოდ ჰუმანისტია ან საქმეში გარკვევა უნდა“.
პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ 12 ნოემბერს უპასუხა: „მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება“ თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტია, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, განმარტებას არ საჭიროებს. სხვა შეკითხვები, მისი თქმით, არარელევანტურია.
12 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელებმა, ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა ასევე მოინახულეს მოშიმშილეები.
ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სხვა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ისინი აპირებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების წარდგენას, რომლებიც იმ პრობლემებს შეეხება, რომელთაც 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.
თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, აისახება თუ არა ეს პროცედურული საკითხები კანონმდებლობაში, საარჩევნო სისტემის შეცვლა – სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმება – „რჩება ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნად ხელისუფლების მიმართ“.
მართალია ქართული ოცნება საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის რეფორმას გეგმავს, მაგრამ ის არ აპირებს, რომ ეს კომპონენტი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გააუქმოს და მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლას 2016 წლის არჩევნების შემდეგ სთავაზობს.