Site icon Civil.ge

პროკურატურამ ადვოკატის ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა

მთავარმა პროკურატურამ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე, რასაც საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა.

კვირკვაიას, რომელსაც შსს-მ თანამდებობრივი უფლებამოსილება ფაქტის გახმაურების შემდეგ შეუჩერა, პროკურატურის განცხადებით, ბრალს ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარუდგენენ და სასამართლოს მის მიმართ "აღკვეთის ღონისძიების გამოყენების" შუამდგომლობით მიმართავენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, რომ ის 8 ნოემბერს დილით თბილისის ვაკე–საბურთალოს მე–5 განყოფილებაში  ხუთმა პოლიციელმა მას შემდეგ სცემა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. მან ტვინის შერყევა მიიღო და სახეზე ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურმა დაგმეს ადვოკატის ცემის ფაქტი და პროკურატურას უსწრაფესი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკვე დაკითხულია 18 მოწმე და ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ადვოკატ მდინარაძის მონაწილეობით, გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)