Site icon Civil.ge

საქართველოს პატრიარქი პარიზის ტერორისტული აქტების შესახებ: ‘რელიგია აქ არაფერ შუაშია’

თავის საკვირაო ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატივი მიაგო პარიზში ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულებს და განაცხადა, რომ „რელიგია აქ არაფერ შუაშია“.
 
„ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვიან ერთმანეთს“, – განაცხადა პატრიარქმა, „ეს მუდამ იყო, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში გაძლიერდა… თქვენ იცით, აფეთქება მოხდა თვითმფრინავის; ასევე, ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას, იქ მოხდა მრავალი მსხვერპლი და ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც ამას მიაწერენ რელიგიას, მუსულმანურ რელიგიას, მაგრამ სინამდვილეში რელიგია აქ არაფერ შუაშია. ადამიანი თავის ბოროტ ნებას გამოავლენს“.

„ღმერთმა აცხონოს ის ადამიანები, რომელნიც დაიღუპნენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს იმათ, ვინც დაჭრილია; ჩვენ ვიზიარებთ დაზარალებული ოჯახების მწუხარებას“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა თავის საკვირაო ქადაგებაში სამების საკათედრო ტაძარში.

14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დაგმო ტერორისტული აქტები.  „ეს არის არამარტო ფრანგი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს არცერთ რელიგიასთან და არანაირი გამართლება არ უწერია“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)