ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არსებული 160-ლარიანი პენსიის 2016 წლიდან 50 ლარით ზრდის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანიას იწყებს.
16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტიის გათვლებით ასაკით პენსიონერთათვის 50 ლარით პენსიის გაზრდა „ბიუჯეტს დაუჯდება 420 მლნ ლარი“ და ეს თანხა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა გამოინახოს მთავრობის შენახვისთვის გათვალისწინებული იმ ხარჯებიდან, რაც მისი თქმით, „2012 წელთან შედარებით, 496 მლნ ლარით არის გაზრდილი“.
„პოლიტიკური სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს სრული ფინანსური საშუალება და რესურსი, რომ უკვე 2016 წელს პენსია გაიზარდოს 50 ლარით. ამიტომ კითხვა არის მარტივი: რა სჭირდება დღეს საქართველოს პრემია თუ პენსია?“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მთავრობამ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოს „ან საკუთარი კომფორტის ან ხალხის სასარგებლოდ“.
„თუ ამას გააკეთებს მთავრობა, მივესალმებით და ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება. თუ ამას არ გააკეთებს ეს ხელისუფლება, გპირდებით, რომ ამას გავაკეთებთ ჩვენ 2016 წლის არჩევნების შემდეგ – მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას გავუშვებთ სახლში“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ლიდერმა, რომელმაც პარტიის ოფისში მყოფ რამდენიმე პენსიონერს პეტიციაზე ხელმოწერის საშუალება მისცა.
„ჩვენ მოვალთ თითოეულ ოჯახში და თითოეულ ადამიანს მივცემთ შანსს დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
პენსიების ზრდაზე კამპანია, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო აქტივობის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ნაციონალური მოძრაობისა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპონენტები ხშირად აკრიტიკებდნენ პენსიების 100 აშშ დოლარამდე ზრდის დაპირების შეუსრულებლობის გამო.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 12 ნოემბერს პარლამენტის სესიაზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, რომელსაც უმცირესობის დეპუტაცია პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ ესწრებოდა, პენსიების ზრდის თაობაზე მათ მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „პოპულიზმის მორევშია“ გადავრდნილი.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი პენსიების ზრდას არ ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე 1.48 მლრდ ლარია გათვალისწინებული, რაც 90 მლნ ლარით აღემატება წლევანდელ გეგმას.
საბიუჯეტო განხილვების დროს ქართული ოცნების დეპუტატების მოწოდებაზე, რომ გაიზარდოს პენსია, მინისტრმა ხადურმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშავდება და მთავრობის პოზიცია „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც მესამედ გადამუშავების შემდეგ ბიუჯეტის პროექტი ნოემბრის ბოლოს ხელახლა წარედგინება პარლამენტს განსახილველად.
უკანასკნელად პენსიები 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა 10 ლარით და ამჟამად, ის 160 ლარს შეადგენს ასაკით პენსიონერებისთვის, რომელთა რაოდენობაც, ხადურის ინფორმაციით, მომავალ წელს 735 ათასს მიაღწევს. საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია.