Site icon Civil.ge

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა გამართეს



ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის (მარცხნიდან მეორე) გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და (მარჯვნიდან მეორე) საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, 16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს. ფოტო: ევროკავშირი

ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭომ ბრიუსელში 16 ნოემბერს მეორე შეხვედრა გამართა, რათა ის პროგრესი განეხილა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში იქნა მიღწეული და ასევე დარჩენილ გამოწვევებზე ემსჯელა, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად შეხვედრას თანათავმჯდომარეობდა. საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

საბჭო არის ერთობლივი ორგანო მინისტრების დონეზე, რომელიც წელიწადში სულ ცოტა ერთხელ იკრიბება და საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. 

„დღევანდელი შეხვედრიდან ნათელია, რომ ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა მოგერინიმ, რომელიც საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც იქნება მშვიდი და პატივისცემის გამომხატველი… საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი ნაბიჯები ან განცხადებები, რომელიც ამის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ და ასევე ხაზი გაუსვა „მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის“  მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი არჩევნები.  

ევროკავშირის და საქართველოს ერთობლივ პრეს–რელიზში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია, რომ „ევროკავშირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა; ის უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, უნდა წარიმართოს პროცედურების მკაცრი დაცვით და  ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულელების შესაბამისად“.

„ვფიქრობ, კმაყოფილებით შეგვიძლია გავიხედოთ უკან და შევხედოთ იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ჩვენ ორივემ – ევროკავშირმა და საქართველომ – მივაღწიეთ“, – განაცხადა ევროკომისარმა ჰანმა შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ძალისხმევას რეფორმების კუთხით და მის ევროპულ მისწრაფებას. ვულოცავთ საქართველოს იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც მან განახორციელა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოვებლად“, – დასძინა მან.

მოგერინის და ჰანის გვერდით მდგომმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „საქართველომ მნიშვნელოვანი მიღწევები აჩვენა მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა დაცვა… თუმცა, ჩვენ მზად ვართ მეტს მივაღწიოთ საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად“.

მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიაღწია, სადაც „ბევრი ამოცანა უკვე შესრულებულია“.

„რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა დარჩენილი ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა მან.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად. საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულება ევროკომისიამ 2015 წლის მაისში შეაფასა, ხოლო მომდევნო ანგარიშს ის, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. თბილისი იმედოვნებს, რომ კომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების რეკომენდაციას მისცემს.

„მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება, თუმცა ამ პროცესის ძალიან პოზიტიურ ნიშნებს ვხედავ“, – განაცხადა მოგერინიმ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ „ძალ–ღონე და რესურსები არ დაზოგა ყველა ამოცანის შესასრულებლად“.

„ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მიღწევები სათანადოდ შეფასდება და შედეგად მოყვება დადებითი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების სახით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ვფიქრობთ, ამგვარი გადაწყვეტილება აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს“.

საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ „ევროკავშირმა კმაყოფილებით აღნიშნა ის წინსვლა, რომელიც დარჩენილი ვალდებულებების შესრულებაში იქნა მიღწეული“ ვიზალიბერალიზაციის კუთხით.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად თბილისის „პრაგმატული და რაციონალური“ პოლიტიკისა რუსეთის მიმართ, მოსკოვთან „პოლიტიკურ დისკუსიებში მცირე პროგრესია მიღწეული“.

ევროკავშირის თქმით, მისი დახმარება საქართველოს მიმართ „მნიშვნელოვნად“ იზრდება  2014–2017 წლებში და ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონი ევრო გამოიყოფა „ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ამბიციური პოლიტიკური, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად“.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, იუსტიციის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.  

მანამდე 16 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში თავის რამდენიმე კოლეგას შეხვდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან – „საქართველოს მეგობრების“ ამ შეხვედრას ლიტვის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მასპინძლობდნენ.

ასევე 16 ნოემბერს კვირიკაშვილი იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი წევრებს შეხვდა.

შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად ღია ფორმატში იყო დაგეგმილი, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. თავის შესავალ სიტყვაში კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების, კერძოდ კი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და საქართველოში მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)