Site icon Civil.ge

საბერძნეთმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

საბერძნეთის პარლამენტმა 18 ნოემბერს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა და ევროკავშირის 26-ე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ეს პროცედურა დაასრულა.

ბელგია და იტალია ევროკავშირის ის ორი ქვეყანაა, რომელთაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.

„დარჩენილი ორი ქვეყანა უახლოეს პერიოდში გეგმავს შეთანხმების რატიფიცირებას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მიესალმა ოქტომბრიდან საბერძნეთში მოქმედი ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ „შემჭიდროვებულ ვადებში“ განხორციელებულ რატიფიცირებას.

საბერძნეთმა სამშაბათს ასევე გაუკეთა რატიფიცირება უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებებსაც.

სწორედ ამ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2014 წლის 18 ივლისს, ხოლო ევროპარლამენტმა ხუთი თვის თავზე, 18 დეკემბერს მოახდინა.

ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც  2014 წლის 1 სექტემბრიდან დროებითი გამოყენების რეჟიმში უკვე მოქმედებს, სრულფასოვნად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირის 28-ვე წევრი სახელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას.