Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ ლობირებაში ადანაშაულებს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ევროკავშირის ინსტიტუტებში ლობირებენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უვიზო მიმოსვლა არ მიენიჭოს. 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ ეს ბრალდება ხელისუფლების მხრიდან გადაბრალების ტაქტიკის ნაწილია. 

19 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „მაღალი ალბათობა“ არსებობს იმისა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ „პოზიტიური“ იქნება.

„რა თქმა უნდა, ამას შემდეგ დასჭირდება 28 ქვეყნის თანხმობა, გადაწყვეტილების მიღება, რასაც დამატებითი დრო დასჭირდება, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე, ძალიან ოპტიმისტური განწყობაა ევროკავშირში, ბრიუსელში ჩვენთან მიმართებაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, რომელიც კვირის დასაწყისში ბრიუსელს სტუმრობდა.

მან მადლობა გადაუხადა სამინისტროებს და სახელმწიფო სტრუქტურებს იმ „მძიმე სამუშაოსთვის“, რომელიც მათ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საქმეში გასწიეს.

„ეს არის ჩვენი მთავრობის სერიოზული მუშაობის წარმოჩინება“, – განაცხადა მან, „დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ამაყად, რომ ყველა ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, არის შესრულებული და ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი“.

„ერთდაერთი, ვინც ბრიუსელში, ასევე ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი წევრი, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი… მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის?“ – დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრის განცხადების საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას“.

„მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით და მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“. ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა“. 

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა მთავრობის სხდომაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. „მანამდე რატომღაც წინა მთავრობა არ ფიქრობდა ამაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

საქართველომ და ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო, ხოლო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარედგინა, როდესაც ხელისუფლებაში უკვე ქართული ოცნება იყო.