Site icon Civil.ge

მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეირჩა

საპროკურორო საბჭომ 19 ნოემბერს მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მთავარ პროკურორად დაწინაურდება და შეცვლის გიორგი ბადაშვილს, რომლის ამჟამინდელი პირველი მოადგილეცაა.

ირაკლი შოთაძემ, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 18 ნოემბერს კიდევ ორ კანდიდატთან ერთად წარადგინა ასარჩევად, საპროკურორო საბჭოში გამართულ ფარულ კენჭისყრაზე საბჭოს მოქმედი 14 წევრიდან 13-ის ხმა მიიღო. საბჭოს წევრების უმრავლესობამ დანარჩენი ორი კანდიდატი ჩააგდო.

თუ გამარჯვებულ კანდიდატს მთავრობაც მოიწონებს,  შემდეგ ის პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად. ახალი მთავარი პროკურორის 6 წლის ვადით არჩევას პარლამენტში სულ ცოტა 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

შოთაძე მთავარი პროკურორის მოადგილედ 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა. მან პროკურატურის სისტემაში მუშაობა 2006 წელს დაიწყო; 2010 წლიდან კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა სამი წლის განმავლობაში, ვიდრე მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნებოდა.

იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოსთვის შოთაძის წარდგინებაში მის უპირატესობებს შორის საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის გამოცდილებასა და სისხლის სამართლის სფეროში რეფორმატორული კურსის მიმართ მის მხარდაჭერას ასახელებდა; „სუსტ მხარედ“ კი 32 წლის შოთაძის „ახალგაზრდა ასაკზე“ მიუთითებდა.

მთავარი პროკურორის შერჩევისა და დამტკიცების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შემადგენელი კომპონენტია ასევე ახალი კოლეგიური ორგანოს -საპროკურორო საბჭოს შექმნა, პარლამენტმა სექტემბერში მიიღო.

14-წევარიან საბჭოში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობს და რომელიც 19 ნოემბერს გამართულ კენჭისყრამდე მთავარი პროკურორობის კანდიდატებს გაესაუბრა, პროკურორთა კონფერენციის არჩეული 8 პროკურორი; 2 მოსამართლე; პარლამენტის მიერ არჩეული ორი წევრი და დეპუტატი ეკა ბესელია შედის ქართული ოცნების უმრავლესობის კვოტით.

კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭოში სულ 15 წევრი უნდა იყოს, თუმცა ერთი ადგილი ვაკანტურია, ვინაიდან საპარლამენტო ოპოზიციამ თავისი კვოტა არ შეავსო. ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ წესს აკრიტიკებენ, რადგან მათი აზრით, ახალი კანონი პროკურატურის დეპოლიტიზირებას ვერ უზრუნველყოფს.

საპროკურორო საბჭოს სხდომის პარალელურად, თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა და არჩევნებს „ფარსი“ უწოდა.