Site icon Civil.ge

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი თბილისს ხანმოკლე ვიზიტით სტუმრობდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი 18 ნოემბერს რამდენიმე საათით თბილისს სტუმრობდა, რომლის დროსაც ის საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, რომელსაც საკონსულტაციო ფირმა Tony Blair Associates-ი აქვს, პირველად პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს სექტემბრის ბოლოს ნიუ–იორკში შეხვდა  გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. სწორედ მაშინ გაკეთდა განცხადება ტონი ბლერის ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

Civil.ge-ს კითხვაზე, თუ რა იყო ვიზიტის მიზანი და აქვს თუ არა Tony Blair Associates–ს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის რაიმე გეგმები, ბლერის ოფისმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიუთითა და განაცხადა, რომ ამ განცხადებას „მეტს ვერაფერს დაამატებს“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა თავის პრეს–რელიზში, რომ სამუშაო ვახშამზე ღარიბაშვილმა და ბლერმა „საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს“.

ამავე ინფორმაციით, ტონი ბლერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

მთავრობის პრესსპიკერმა განუცხადა 20 ნოემბერს Civil.ge–ს, რომ საქართველოს მთავრობას  Tony Blair Associates–სთან რაიმე კონტრაქტი არ აქვს, თუმცა არ დააკონკრეტა აპირებს, თუ არა მთავრობა მომავალში ასეთი კონტრაქტის გაფორმებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკონსულტაციო ფირმა Omnia Strategy–სთან თანამშრომლობს, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის მეუღლემ, ჩერი ბლერმა დააფუძნა. ეს უკანასკნელი საქართველოს ოქტომბერში სტუმრობდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბერში  Omnia Strategy–მ საჯარო მოხელეებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა, რომლის თემაც საერთაშორისო დავების პრევენცია, მართვა და ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)