ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 73 მაჟორიტარული ოლქის ფორმირების ახალ წესს განსაზღვრავს იმგვარად, რომ ოლქებს შორის ამომრჩეველთა მიხედვით აქამდე არსებული უთანაბრობა შემცირდეს.
ინიციატივის მიხედვით, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი ფრაქციების ავტორობით 30 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარს აირჩევს, 13 ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და 42 ოლქის ფორმირება არსებული ოლქების გაყოფის, გაერთიანების ან შერევის გზით მოხდება.
ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადდა, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა მაჟორიტარული ოლქების არსებული ფორმირების წესი, რადგან ის არღვევს ხმების თანასწორობის პრინციპს. საკონსტიტუციო სასამართლომ ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობის მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდა.
საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 77 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით, ხოლო 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა.
თუმცა ერთმანდატიანი ოლქები, რომლებიც მუნიციპალიტეტების საზღვრებზეა მიბმული, ერთმანეთისგან ამომრჩეველთა რაოდენობით განსხვავდებიან; ყველაზე დიდ ქუთაისის ოლქში დაახლოებით 150 000 ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ყაზბეგის ოლქში 6 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული მაშინ, როცა ორივე თითო მაჟორიტარს ირჩევს პარლამენტში.
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩევლის ხმის აბსოლუტურად თანაბარი ‘წონის’ უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ყოველთვის იარსებებს შედარებით უფრო მცირე და დიდი საარჩევნო ოლქები, რომლებიც თანაბარი რაოდენობის დეპუტატს აირჩევენ“, თუმცა ხელისუფლება უნდა „ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.“
იმავე გადაწყვეტილებაში ნახსენებია ვენეციის კომისიის 2002 წლის „საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის კოდექსი“, რომლის თანახმადაც საარჩევნო ოლქები იმგვარად უნდა იყოს დადგენილი, რომ საშუალო ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, და "რა თქმა უნდა ეს არ უნდა აღემატებოდეს 15% გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა (კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობათა დაცვა, მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული)".
შემოთავაზებული ცვლილებებით, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, საერთო ჯამში, ოლქები მნიშვნელოვნად არის გათანაბრებული, თუმცა გამონაკლისის სახით რამდენიმე შემთხვევაში დიდი სხვაობა მაინც შემორჩენილია, მაგალითად, ზუგდიდის ერთ ოლქს შორის, სადაც 56 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული და მესტიას შორის, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 8 ათასზე მეტს შეადგენს.
ცვლილებების მიხედვით, დედაქალაქში აქამდე არსებული 10-ის ნაცვლად შეიქმნება 18 მაჟორიტარული ოლქი და შესაბამისად, თბილისში რეგისტრირებულ 900 ათასზე მეტ ამომრჩეველს 18 მაჟორიტარული მანდატი ექნება პარლამენტში.
73-დან ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და ისინი კვლავ მუნიციპალურ საზღვრებს დაემთხვევა. ეს ოლქებია: საგარეჯო (45 533 ამომრჩეველი), გურჯაანი (54 147), ახმეტა (30 429), მცხეთა (44 199), ხაშური (49 382); ახალქალაქი (38 016), ნინოწმინდა (20 960), მესტია (8 242), საჩხერე (44 018), ჭიათურა (44 542), წყალტუბო (52 087), სენაკი (40 932), ფოთი (40 656). ამომრჩეველთა ეს რაოდენობა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.
დანარჩენი 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად ფორმირდება. ეს არის ყველაზე დიდი კატეგორია, სადაც ოლქების მექანიკური შერწყმა ან გაყოფა ანდა ერთი ოლქის რამდენიმე ოლქად დანაწევრება ხდება, მათ შორის მომიჯნავე ოლქების ნაწილის მიერთების გზით.
პროექტის თანახმად, მექანიკური შერწყმა ხდება სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქების; წალკისა და დმანისის ოლქების; დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ოლქების; ამბროლაურის და ონის ოლქების; ცაგერის და ლენტეხის ოლქების; აბაშისა და მარტვილის ოლქების; წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქების, შუახევისა და ხულოს ოლქების. ამ გაერთიანებულ ოლქებს თითო მაჟორიტარული მანდატი ექნებათ პარლამენტში.
ცვლილებების შედეგად, ორად გაიყოფა რუსთავის ოლქი და ამ ქალაქს ერთის ნაცვლად 2 მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში.
ქუთაისს, რომელსაც ამჟამად ერთი მანდატი აქვს, ცვლილებების შედეგად სამი მაჟორიტარი ეყოლება, მათ შორის ერთს ქუთაისლები თერჯოლის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევენ.
ბათუმს, ცვლილებების შედეგად, ასევე სამი მაჟორიტარი ეყოლება, საიდანაც ორს ხელვაჩაურის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევს; ამასთან ხელვაჩაურში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობა თავის მაჟორიტარს ქედის ელექტორატთან ერთად აირჩევს.
ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარული მანდატი ექნება; თუმცა ოზურგეთელი ამომრჩევლის ნაწილი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ამომრჩევლებთან ერთადაც აირჩევს ცალკე მაჟორიტარს.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ზუგდიდს ერთი მაჟორიტარი ეყოლება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაწილი კი ცალკე მაჟორიტარს, ხოლო ნაწილი ხობის ამომრჩეველთან ერთად მესამე მაჟორიტარს აირჩევს.
ასეთივე პრინციპით აირჩევა სამი მაჟორიტარი გორიდან, საიდანაც ორს გორის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი კასპისა და ქარელის ელექტორატთან თანაზიარად აირჩევს.
ქალაქ თელავს, პროექტის თანახმად, ერთი მაჟორიტარი ეყოლება, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევს; თელავის რაიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის დარჩენილი ნაწილი კი ყვარლის მუნიციპალიტეტის ნაწილთან ერთად მისცემს ხმას ცალკე მაჟორიტარს, ისევე როგორც ყვარლის რაიონის ელექტორატის მეორე ნაწილი ლაგოდეხის ამომრჩეველთან ერთად აირჩევს ცალკე მაჟორიტარ დეპუტატს.
ამომრჩეველთა მსგავსი პრინციპით შერევა მოხდება ასევე მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს; ასევე ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, სამტრედიის, ვანისა და ხონის შემთხვევაშიც.
ამ რთული სქემის პირობებში, შერეული ოლქების უმეტესობის იდენტიფიცირება, სავარაუდოდ, მათი ნომრების მიხედვით მოხდება და არა მუნიციპალიტეტის სახელწოდებით.
კანონპროექტის მიხედვით, ახალი წესის მიხედვის მაჟორიტარული ოლქები 2016 წლის 1 ივნისამდე უნდა შეიქმნას და ამ მიზნით გამოყენებული უნდა იყოს ცესკოში არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ბაზის ბოლო მონაცემები.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, რომლებიც 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ, გააკრიტიკეს ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ეს ცვლილებები და მას მაჟორიტარული ოლქების „დაჩეხვა“ უწოდეს.
ქართული ოცნება, რომელიც აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2020 წლიდან უჭერს მხარს და შესაბამისი ცვლილებებიც აქვს ინიცირებული კონსტიტუციაში, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში დაპირდა საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებების შეტანას, რისკენაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოლქების გათანაბრების კუთხით მოუწოდა.
ქართული ოცნების კიდევ ერთი დაპირება იყო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 30%-იანი ბარიერის 50%-მდე გაზრდა.
ეს დაპირება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მართალია ამჯერად ინიცირებულ ცვლილებებში არ არის წარმოდგენილი, თუმცა ის ძალაშია და მისი ინიცირება ცალკე კანონპროექტით მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)