Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს შეწყალების თაობაზე პატრიარქის თხოვნის განხილვას სთხოვს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა პრეზიდენტს და პარლამენტს პატიმართა შეწყალების უფლების თაობაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს თხოვნაზე მსჯელობა დაიწყონ.

პატრიარქმა ეს თხოვნა 5 დეკემბერს გამოთქვა, რასაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და აქტივისტის კრიტიკა მოყვა, რომელთაც „თეოკრატიის“ წინააღმდეგ გააფრთხილეს.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ–მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი ადამიანები და ალბათ ხელისუფლება დააყენებს ამ საკითხს“, – განაცხადა პატრიარქმა, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პატიმარი ქალების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს დაესწრო.

მართალია პრემიერ–მინისტრმა ამ საკითხზე მაშინვე არ გააკეთა კომენტარი, თუმცა, მოგვიანებით, პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა „პრემიერს მიმართა თხოვნით, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი“.

„როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია“, – ნათქვამია იმავე განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ამ უფლების პატრიარქისთვის მინიჭებას საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება, რისთვისაც 150–წევრიან პარლამენტში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

პატიმართა შეწყალების თხოვნებს თავდაპირველად  შეწყალების 9–წევრიანი კომისია განიხილავს, რომელიც რეკომენდაციას აძლევს პატიმართა შეწყალებაზე და სიას გადასცემს პრეზიდენტს,  რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ამ საკითხზე.

ამჟამად ერთი ადგილი 9–წევრიან კომისიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს უკავია. იგი წმინდა სინოდის წევრია.

სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა, რომელიც ასევე დაესწრო 5 დეკემბრის ღონისძიებას, განაცხადა: „მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ნამდვილად ეს უფლება, ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება. მანდ კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო“.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა: „საქართველოს პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების. თუ ეს პოლიტიკური თანხმობა იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება მხარდამჭერი, რომ ეს შესაძლებლობა და უფლება საქართველოს პატრიარქს საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)