საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების გადადება განაპირობა „რაღაც ტექნიკურმა დეტალებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეხება“.
„ევროკავშირში გუშინ საღამოს მქონდა უკვე ტელეფონო საუბარი და მე გეტყვით, რომ ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარი არის რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ, გთხოვთ, რომ დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოშვებას, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და უკრაინაზე ცალ-ცალკე ანგარიშების გამოქვეყნება თავდაპირველად 15 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა ის, როგორც ჩანს, უკრაინასთან დაკავშირებული მიზეზით გადაიდო.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა 14 დეკემბერს დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ „მუშაობა კვლავ გრძელდება“ ევროკომისიაში და ანგარიშები „მიმდინარე თვეში, მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა 15 დეკემბერს ჟურნალისტებს, რომ ყველანაირი წინასწარი კომუნიკაციის თანახმად, საქართველოს შესახებ „დასკვნა არის დადებითი“.
„საქართველოს შემთხვევაში შესრულებულია ყველა ტექნიკური დავალება, რომელიც საქართველოსთვის იქნა მიცემული და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში, როდესაც ეს ტექნიკური გადავადების მიზეზი ამოიწურება, დასკვნა იქნება გამოქვეყნებული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„საქართველომ ყველაფერი გააკეთა – ეს აღიარებულია და აღწერილია ყველა შესაძლო შეფასებაში და დოკუმენტში“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 15 დეკემბერს ჟურნალისტებს.
„ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ ჭირდებათ კიდევ რამოდენიმე დღე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტექნიკური შეფერხება და არა არსობრივი შეფერხება, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში და თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ კოლექტიური სისტემის წევრი, ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ კოლეგიური ორგანოს მუშაობის პერიპეტიებსაც, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და უნდა ვიყოთ სათანამშრომლოდ განწყობილნი“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც უკრაინას გულისხმობდა.