Site icon Civil.ge

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიში 18 დეკემბერს გამოქვეყნდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი  პრესკონფერენციას გეგმავს თბილისში, იტყობინება ხუთშაბათს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ელჩის პრესკონფერენცია 15 დეკემბრისთვისაც იყო ჩანიშნული, თუმცა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ანგარიშის თავდაპირველად დაგეგმილი გამოქვეყნება გადადო.

საქართველოსა და უკრაინაზე ცალ-ცალკე ანგარიშების გამოქვეყნება თავიდან 15 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა ის, როგორც ჩანს, უკრაინასთან დაკავშირებული მიზეზით გადაიდო.

თბილისში, ისევე როგორც ევროკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იქნება, რასაც სავარაუდოდ 2016 წლის შუა პერიოდისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღება მოყვება.  

თუ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება და ჩათვლის, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები შესრულებულია, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი მიიღებენ.