Site icon Civil.ge

პოლონეთის ახალი თავდაცვის მინისტრი თბილისში ხანმოკლე ვიზიტის დროს ქართველ კოლეგას შეხვდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩიერევიჩი კვირას დილით თბილისის აეროპორტში თავის ქართველ კოლეგას, თინა ხიდაშელს შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაჩიერევიჩი, რომელიც პოლონეთის თავდაცვის უწყებას ნოემბერში ჩაუდგა სათავეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნით გაჩერდა, რის შემდეგაც საქართველოდან ავღანეთში გაემგზავრა. 

„საუბრის მთავარი თემა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესი იყო“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, „პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს პაკეტის იმპლემენტაციაში უწევს დახმარებას. ანტონი მაჩიერევიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“.   

სამინისტროს ინფორმაციით, „ყურადღება გამახვილდა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების და სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განმტკიცების პროცესში პოლონეთის მხარდაჭერაზე“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციული სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მარეკ ტომაზიკი და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი ჯერზი გუტი, ასევე პოლონეთის პარლამენტის წევრი მარეკ ოპიოლა და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრეი ჩეშკოვსკი.  საქართველოს მხრიდან შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)