Site icon Civil.ge

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გადადგომას გეგმავს

ქართული მედია საშუალებები ოთხშაბათს იტყობინებიან, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება და მას ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი შეცვლის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღარიბაშვილი „საგანგებო განცხადების“ გაკეთებას 20 საათისთვის გეგმავს. თავდაპირველად განცხადების გაკეთება 18 საათისთვის იგეგმებოდა, თუმცა ორი საათით გადაიდო.

ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ შეკითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა: „არის ამ საკითხზე მსჯელობა. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი განცხადებები ამასთან დაკავშირებით… [მთავრობის] ადმინისტრაციაში საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადადგომას, მის სურვილს ამასთან დაკავშირებით, დასტური არ გვაქვს“.

„ამასთან დაკავშირებით გავიგებთ მოგვიანებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ მთავრობის კანცელარიაში ღარიბაშვილის განცხადების დაანონსებამდე.   

საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერის შეცვლა მთავრობის გადადგომას და ახალი კაბინეტის მიერ პარლამენტის ნდობის მოპოვების საჭიროებას აჩენს. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი წამოაყენებს ფორმალურად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატურას, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.