პარლამენტმა 23 დეკემბერს იმ ორი სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა, რომელთაც საქართველომ ზაფხულში პარიზში მოაწერა ხელი და რომლებიც 77.63 მილიონი ევროს ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას ეხება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველ ხელშეკრულებას კომპანია ThalesRaytheonSystems (TRS)-თან, რომელიც სახმელეთო სათვალთვალო რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს აწარმოებს, 15 ივნისს მოაწერა ხელი.
მეორე კონტრაქტი თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანია MBDA-სთან გააფორმა.
მაშინ ოფიციალურმა პირებმა არც კონტრაქტების ღირებულებაზე და არც მათ შინაარსზე არ გაავრცელეს ინფორმაცია.
ინფორმაცია, თუ რა ტიპის აღჭურვილობას და მომსახურებას იძენს საქართველო, კვლავ კონფიდენციალურია, თუმცა კონტრაქტების ღირებულება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველომ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებებს, რომლითაც საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა უნდა დაფინანსდეს.
ამ სასესხო ხელშეკრულებებს ფრანგულ ბანკ Société Générale–თან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 8 დეკემბერს მოაწერა ხელი.
82.82 მილიონი ევროს ოდენობის 5–წლიანი სესხი მხარდაჭერილია კრედიტების დაზღვევის ფრანგული სააგენტოს Coface-ს მიერ და ის რამდენიმე ნაწილად იყოფა, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 1.27%–დან 2.1%–მდე მერყეობს.
სესხის მთლიანი მოცულობიდან 52.65 მილიონი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის და მომსახურების შეძენას ThalesRaytheonSystems–სგან, რომელიც რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო სისტემებს აწარმოებს.
24.98 მილიონი ევრო მოხმარდება კომპანია MBDA–დან შესყიდვების დაფინანსებას.
დარჩენილი 5.19 მილიონი ევრო სესხთან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას და სხვა ხარჯებს მოხმარდება, მათ შორის Coface–სთვის სესხის სადაზღვევო პრემიას.
საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულებები პოლიტიკური ბრალდებების წყარო გახდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ და მთავრობას შორის 2015 წლის გაზაფხულზე.
აპრილის დასაწყისში ალასანიამ განაცხადა, რომ მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ შეთანხმებაზე – შესასრულებლად არასავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც მან საფრანგეთში 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებამდე შეათანხმა და რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას ქმნიდა. ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია; ის აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ეს ორი ხელშეკრულება მომდევნო რამდენიმე თვეში დასრულდა და მას თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოაწერა ხელი, რომელმაც ჯანელიძე მაისის დასაწყისში შეცვალა.
23 დეკემბერს რატიფიკაციამდე სასესხო ხელშეკრულებებზე გამართული ხანმოკლე განხილვის დროს, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მიესალმა იმ ფაქტს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის თაობაზე ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა.
„ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად; თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტადაა დასახვეწი, რაც უფრო მასშტაბური პროექტის ფარგლებში შეიძლებოდა მომხდარიყო“, – განაცხადა ჩიქოვანმა.