კადრი იმ სატელევიზიო გამოსვლიდან, რომლის დროსაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებს 2015 წლის 23 დეკემბერს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 დეკემბერს ამ პოსტზე მუშაობის ორი წლის შემდეგ გააკეთა.
„ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში.
„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის უბრალოდ ეს არის საშუალება იმის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვირდება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა“, – განაცხადა მან.
„ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა მან.
„ახლა როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს“, – აღნიშნა მან მისი მომავალი შემცვლელის დასახელების გარეშე.
საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. არსებული პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ქართული მედია საშუალებები ღარიბაშვილის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ოთხშაბათს დილიდან იტყობინებოდნენ; ამავე ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქართულმა ოცნებამ შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი დაასახელოს.
ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის ნოემბერში გახდა, შეცვალა რა ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი, მანამდე ერთი წლის განმავლობაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ის პოლიტიკაში ივანიშვილთან ერთად 2011 წლის ბოლოს ჩაერთო მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში მასთან მუშაობდა.
„მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის 5-წუთიან მიმართვის დასაწყისში მან მიღწეულ „ისტორიულ შედეგებზე“ ისაუბრა, თუმცა გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
„ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად“, – განაცხადა მან.
„ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე“.
„ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი – თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს: გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ თანხმობა ასევე უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში“, – აღნიშნა მან, „დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე – საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის“, – განაცხადა მან.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მასთან ერთად „ძალიან ბევრი სასიკეთო გააკეთა“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)