საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 24 დეკემბერს ერთი თვის წინ დაფუძნებული მისი ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია გამართა, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ეჭვები მისი პოლიტიკური კარიერის შესაძლო დაწყების თაობაზე.
„ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ორგანიზაციას, საქართველოს განვითარების ფონდი არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ყველას საერთო მიზნისა და საერთო იდეალების ირგვლივ გაგვაერთიანებს“, – განაცხადა მან პრეზენტაციაზე.
პოლიტიკურ მიზნებზე საუბრის გარეშე, ცნობილმა საოპერო მომღერალმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენი ფონდი არის ყველა თავისი საქმის მცოდნე ადამიანებისთვის, მიუხედევად იმისა, თუ სად არის ის სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ კერძო ბიზნესში, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ის – ქართველი აფხაზი, რუსი, ოსი, სომეხი, იეზიდი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, ქისტი, ბერძენი და რა თქმა უნდა, მიუხედევად იმისა, თუ სად ლოცულობს ის“.
მისი თქმით, ფონდის სურვილია, რომ მის ირგვლივ გაერთიანდნენ ახალგაზრდები და ასევე ყველა, „ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და გამარჯვებაში“.
ფონდის მიზნებზე საუბრისას, ბურჭულაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მისი დაფუძნება განაპირობა იმან, რომ „საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის“.
„ასე გაგრძელება მეტი არ შეიძლება“, – განაცხადა მან, „საქართველოს განვითარების ფონდი დაფუძნდა იმიტომ, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობის და შიშის ეპოქა. დიახ, შიშის ეპოქა – წინათ ხელისუფლების გვეშინოდა, ახლა გვეშინია ხვალინდელი დღის“.
„განვითარების ფონდი დაფუძნდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლის უზენაესობა, დასრულდეს ადამიანების ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფა. სწორედ დაყოფა იყო მთავარი დამანგრეველი ძალა 25 წლის მანძილზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ თავის გამოსვლაში.
ამ ეტაპზე ბურჭულაძე და მისი ფონდის წევრები პოლიტიკურ მიზნებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობენ, მაგრამ არც ამის შესაძლებლობას გამორიცხავენ. ისინი არც პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციას გამორიცხავენ.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ არავისთან საუბარს. ეს არის ჩვენი პრინციპი“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა.
„მთავარი მიზანი არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის პლატფორმის შექმნა, რომელიც ძალიან აქტიური პოზიციებით გამოვა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მასთან ერთად ბურჭულაძის ახალ ფონდში ასევე გაწევრიანებულები არიან დავით ჯანდიერი, 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკური მიმომხილველი და გიორგი რუხაძე, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი წევრი.
პაატა ბურჭულაძემ, რომლის საოპერო კარიერაც 35 წელზე მეტს ითვლის, ხუთშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე გაიმეორა, რომ მან, იმის გამო, რომ ახალი საქმიანობა მისგან „დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს“, ყველა გასტროლი გააუქმა, ხოლო საქველმოქმედო საქმეების ხელმძღვანელობა, რომლითაც ბოლო წლები იყო დაკავებული, მათ შორის ფონდ „იავნანას“ მეშვეობით, სხვა პირებს გადასცა.
სპეკულაციებს ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერის შესახებ წარსულში სულ ცოტა ორჯერ ჰქონდა ადგილი – 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ასევე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუმცა მისი ახალი ფონდის დაფუძნება და პრეზენტაცია ყველაზე აშკარა მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა პოლიტიკაში მართლაც წავიდეს.