- კვირიკაშვილი: მთავრობაში "მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ"
გიორგი კვირიკაშვილი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა – ის ამ თანამდებობიდან 23 დეკემბერს გადამდგარ ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის.
პარლამენტი კვირიკაშვილს და ახალ მთავრობას, რომელიც მომავალმა პრემიერ–მინისტრმა უნდა წარადგინოს, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს დაამტკიცებს.
2012 წლის ოქტომბრის ბოლოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კვირიკაშვილი საქართველოს მესამე პრემიერ–მინისტრი იქნება, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები უმრავლესობის შიგნით… და საქართველოს პრემიერ–მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით შევთანხმდით ყველანი, რომ საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ–მინისტრის პოსტზე დასანიშნად წარმოვუდგენთ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მან ეს განცხადება თბილისის პარლამენტში პარასკევს დილით ქართული ოცნების დეპუტატების შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი. კვაჭანტირაძის გახსნითი სიტყვის შემდეგ, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
პრეზიდენტმა კოალიცია ქართული ოცნების მიერ დასახელებული პრემიერ–მინისტრობის ახალი კანდიდატი შვიდი დღის ვადაში უნდა წარადგინოს. შემდეგ ახლად წარდგენილი პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხვა წევრებს დაასახელებს პარლამენტის მიერ ნდობის მისაღებად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
25 დეკემბერს ქართული ოცნების დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ მოკლე განცხადებაში კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციები მისი მთავრობის დაკომპლექტებაზე გაგრძელდება.
„არ მგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობას მისი წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართული მედია ჯერ კიდევ ღარიბაშვილის გადადგომამდე იტყობინებოდა, რომ მისი შემცვლელი შესაძლოა კვირიკაშვილი ყოფილიყო. ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ 24 დეკემბერს გვიან დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კვირიკაშვილის წარდგენას გეგმავდა; მისი თქმით, ეს კანდიდატურაოთხი პოტენციური პრეტენდენტიდან იქნა შერჩეული.
კვირიკაშვილი 2015 წლის სექტემბრის დასაწყისიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა. მანამდე ის ეკონომიკის მინისტრი იყო.
კვირიკაშვილი, რომელმაც თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში გაატარა, სანამ 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს ეკონომიკის მინისტრი გახდებოდა, 1999–2004 წლებში პარლამენტის წევრი იყო, ის ამ პერიოდში შექმნილი პარტიის „ახალ მემარჯვენეების“ წევრი გახდა; კვირიკავშილი პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა.
ღარიბაშვილმა 25 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის „ძალიან ღირსეული კანდიდატი შეარჩია“. მან „მეგობარ“ გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც გადადგომის შესახებ თავის განცხადებაში ამ ნაბიჯის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად, უარი თქვა ამ თემის განვრცობაზე და განაცხადა, რომ 23 დეკემბერს გაკეთებულ მის განცხადებაში „ყველაფერი იყო აბსოლუტურად ნათელი“.
„მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი… და სწორი დრო შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელიც ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ფორმალურად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩება, „ჩემი პრინციპი ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ სწორი დრო შევარჩიე“.
„მე ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა, რომელიც ფორმალურად ასევე რჩება მმართველი კოალიციის წამყვანი პარტიის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ. მისი ეს კომენტარი იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ის ალბათ ამ პოსტსაც დატოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)