Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო პრიორიტეტები წარადგინა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი კაბინეტის საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში პრიორიტეტები წარადგინა და განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს საზოგადოებაში არსებული „კონფრონტაციისა და პოლარიზაციის“ დასრულებას ეცდება.

„ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ის კონფრონტაცია, ის პოლარიზაცია საზოგადოებაში, რომელიც არსებობს, დასრულდეს იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი გადავიქეცით ერთი  ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიზაციის ხარისხი საზოგადოებაში შემცირდეს, იმისათვის, რომ ადამიანებმა კეთილი თვალით შეხედონ ერთმანეთს და საზოგადოება რაღაცნაირად გავამთლიანოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციურ „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრაზე.

დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ვიდრე პრემიერობის კანდიდატთან კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდნენ, გიორგი კვირიკაშვილს კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის ნაბეჭდი ვერსია გადასცა და თხოვა დეტალურად გადაეხედა, თუ რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა მთავრობამ თავისი მმართველობის დროს.

„ისე ერთი წუთის წინ მოგიწოდეთ, რომ იქნებ ერთი სპექტაკლის ნაწილი არ ვიყოთ თქო. თქვენი ნაბიჯი მაკვირვებს ნამდვილად. მე, რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მაქვს, მათ შორის ამობეჭდილი სახითაც, მაგრამ დიდი მადლობა მაინც“, – უთხრა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ აბაშიძეს, რომლის "თავისუფალი დემოკრატებიც" 2014 წლის შემოდგომამდე მმართველი კოალიციის წევრები იყვნენ.

„ეს არის ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი, მათ შორის და ამიტომ გული მწყდება, რომ საზოგადოება ძალიან უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობით“, – უპასუხა აბაშიძემ.

მანამდე თავის შესავალი სიტყვა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტთან თანამშრომლობის და მთავრობის მაქსიმალური გახსნილობის დაპირებით დაიწყო და განაცხადა, რომ მისი მთავრობა, დამტკიცების შემთხვევაში, გააგრძელებს მანამდე დაწყებულ რეფორმებს და ასევე დაამატებს ახალ მიმართულებებსაც, რომლებშიც აქცენტი „ეფექტიანობის გაზრდაზე“ იქნება გადატანილი.

„ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა მოსახლეობისთვის დაგროვილი პრობლემების გადაჭრაში და სწორი საფუძველის ჩამოყალიბებაში ქვეყნისათვის უკვე მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევის გზაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მოდიფიცირებასთან და საპენსიო რეფორმის ჩატარებასთან ერთად, მისი თქმით,  უმთავრესი აქცენტი და „კონსოლიდირებული ძალისხმება“ ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაზე იქნება მიმართული.

ამ კუთხით, მისი თქმით, დამწყები ბიზნესების განვითარების მექანიზმების შექმნა და ამ პროცესის, განსაკუთრებით ახალგაზრდებში წახალისება იგეგმება; ასევე ცალკე მიმართულება იქნება კერძო სექტორისათვის "ბიუროკრატიული წნეხის მაქსიმალურად შემცირება", რაც გულისხმობს „მომსახურების ცენტრების კონცეფციის განვითარებას“, რათა იურიდიულმა პირებმა მომსახურება  მიიღონ ერთ სივრცეში – ყველაზე თანამედროვე კომუნიკაციებით აღჭურვილ ახალ მომსახურების ცენტრებში. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან ფუნდამენტური, კონცეპტუალური რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს ერთის მხრივ მთავრობის საქმიანობაში  და მეორეს მხრივ, კერძო სექტორის განვითარებაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან მესამე მიმართულებად, რომლის გააქტიურებასაც მთავრობა აპირებს, ტურიზმი დაასახელა. „ძალიან აგრესიულად, ძალიან მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ უმოკლეს პერიოდში მივიღოთ ძალიან ხელშესახები შედეგი“ ტურიზმის განვითარების კუთხით და „მივაღწიოთ იმას, რომ საშუალო დანახარჯი ერთი ტურისტისგან გავაორმაგოთ“, განაცხადა მან.

საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, კვირიკაშვილმა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევობა დაასახელა. 

„უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გათვალისიწინებული რეფორმების განხორციელება, თავისუფალი სავიზო მიმოსვლის მიღწევა ევროპასთან და ამ პროცესის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დასრულება“, – განაცხადა მან. 

„ნატოში ინტეგრირების კუთხით სახელმწიფო გააგრძელებს არსებითი პაკეტის ეფექტიან დანერგვას, იმპლემენტაციას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, როგორც თავსებადობის კუთხით, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში. 

„რაც შეეხება ჩვენ სამეზობლო პოლიტიკას, ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა პოტენციალი, რაც კი არსებობს ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობაში, იქნას რეალიზებული“, – აღნიშნა მან.

რუსეთთან მიმართებაში, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას", თუმცა „რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რომ რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“.  

პრიორიტეტებს შორის მან ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად ათვისება დაასახელა და განაცხადა, რომ „გავაძლიერებთ მუშაობას, რათა მაქსიმალური კოორდინაციით რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან მიღწეულ იქნას კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პირობები და საქართველომ შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც მას გეოგრაფიულად აკისრია  – ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი“.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აბრეშუმის გზის პოტენციალი იქნას მაქსიმალურად რეალიზებული,ამ მიმართულებით, ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა მოგვიწევს, როგორც ჩინეთთან, ისე რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნებთან“, – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

გიორგი კვირიკაშვილმა „უმთავრეს პრიორიტეტად“ დაასახელა ასევე „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ აფხაზ და ოს „თანამოძმეებთან“ ურთიერთობა და განაცხადა, რომ შერიგების მიმართულებით ნაბიჯები მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს.

„ვეცადოთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა მან, „დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს –  ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ; დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიბრუნონ; იმის წინააღმდეგ, რომ  ქართველებმა დაიბრუნონ აფხაზები და ოსები; ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი და ყველა ის წარმატება, რომელიც იქნება მიღწეული, ხელმისაწვდომი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის“.

მან ასევე განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა და ადამიანის დაცულობა მისი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი  იქნება. 

„რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში კიდევ უფრო გაძლიერდეს და დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა. ჩვენი მთავრობა იქნება უპირველესი გარანტი იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის, რომ ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ კუთხით მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ. 

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის საქმიანობის „მაქსიმალურ გამჭირვალობას“ უზრუნველყოფს,  მათ შორის სამინისტროებს შორის, საზოგადოებასთან და საპარლამენტო სტრუქტურებთან გაუმჯობესებული კომუნიკაციის გზით, რათა "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების" მიღების დროს მაღალი ჩართულობა იყოს.

„ამ პრიორიტეტს ჩვენ ყოველდღიურად დავადასტურებთ ჩვენი ქმედებებით“, – დასძინა მან.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატის ნინო გოგუაძის შეკითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება მას პრეზიდენტის მიმართ, კვირიკაშვილმა უპასუხა: „მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს“.

მან ასევე განაცხადა, რომ თავს არ აარიდებს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს,  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასწრებას და მთავრობის მხრიდან არც პრეზიდენტის ამჟამინდელ რეზიდენციის დატოვების საკითხი „არ უნდა დაისვას“ – ორივე ეს თემა მედიის სპეკულაციის საგანი იყო ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის და პრეზიდენტ მარგველაშვილის ურთიერთობებში. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ მოვლენებზე „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  ეს სასამართლო დავა კერძო საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლების კომპონენტებს მოიცავს და ეს საკითხი თავისუფალი სასამართლოს გადასაწყვეტია. 

„შემიძლია ერთი პირობა დავდო, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს,  იქნება გამჭირვალე“, – განაცხადა მან, „მე მხარს ვუჭერ კრიტიკული მედიის არსებობას და როგორც ერთი მოქალაქე, მექნებოდა ადამიანური თხოვნა ტელევიზიების მიმართ, რომ მათ ცოტა მეტი იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მივცეთ იმედი ხვალინდელი დღის“.

„აურა ქვეყანაში არის უარყოფითი და ამ დაძაბულობას რაც ნაკლებად შევუწყობთ ხელს ყველა ჩვენთაგანი – ხაზს ვუსვამ, ყველა ჩვენთაგანი,  როგორც მთავრობის, როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე მედიის წარმომადგენლები, მით უფრო უკეთესი ქვეყანა გვექნება“, – განაცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა. 

მოგვიანებით იმავე დღეს მას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მოუწია ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ნაციონალური მოძრაობასთან და თავისუფალ დემოკრატებთან შეხვედრებზე, კვირიკაშვილი, რომლის ახალ კაბინეტსაც 29 დეკემბერს ეყრება კენჭი, ცდილობდა შემრიგებელი ტონი ჰქონოდა, განსხვავებით მისი წინამორბედისგან ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ ოპონენტების, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკის გამო.

თუმცა ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრაზე კვირიკაშვილსაც მოუწია უმცირესობის დეპუტატებთან ურთიერთბრალდებებში შესვლა. რამდენიმე ასეთი შემთხვევის დროს, მომავალი პრემიერი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს თვითკრიტიკულობისკენ მოუწოდებდა, როცა ამჟამინდელ მთავრობას, მისი თქმით, უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდნენ და ურჩევდა მმართველობის ის ავტორიტარული სტილი გაეხსენებინათ, რომლითაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართავდნენ ისინი ქვეყანას. თუმცა გაცხარების რამდენიმე მომენტის შემდეგ, ის ოპონენტებს კვლავ კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლისკენ მოუწოდებდა.

მან ასევე განცხადა, რომ ხშირად მათი უსამართლო დამოკიდებულების მიუხედევად, მთავრობა მზადაა ითანამშრომლოს ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობასთან.

მოგვიანებით, როცა ორშაბათს ღამით კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა, ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჰკითხა მას ხომ არ იყო უმცირესობისთვის „საქმიანი ურთიერთობის“ შეთავაზება მისი მხრიდან „დროის დაკარგვა“.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დროის კარგვა“, – უპასუხა კვირიკაშვილმა, „ასეთი წინადადებები მუდმივად უნდა გავაჟღეროთ და ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჟესტი“.