Site icon Civil.ge

პრეზიდენტი უგულავას შეწყალებაზე უარს აცხადებს

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უარი თქვა იმ მიმართვის დაკმაყოფილებაზე, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგი უგულავას სექტემბერში 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი თბილისის მერად მუშაობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო – ამ ბრალდებებს თავად უგულავა პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ჩვენ განსხავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს მოსაზრება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა“, – ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე 28 დეკემბერს გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც დაახლოებით 60 ადამიანი აწერს ხელს, მათ შორის არიან ცნობილი მუსიკოსები, მწერლები, კინოსა და თეატრის რეჟისორები, მსახიობები, სპორტსმენები,  ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.

„პატივცემულო ხელმომწერებო, მივიღე თქვენს მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე“, – უპასუხა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმავე დღეს წერილობითი ფორმით, „ჩემთვის ფასეულია  მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე“.

„ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს  არც სამართალწარმოებას,  არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ  პასუხისმგებლობას მაკისრებს“, – აცხადებს პრეზიდენტი.

„ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავრდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის  შეგრძნება. აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.