ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისის პარლამენტში დეპუტატებს მიმართავს მანამ, სანამ მისი კაბინეტი ქართული ოცნების უმრავლესობის მხრიდან 30 დეკემბერს ღამით ნდობას მოიპოვებდა. ფოტო: მთავრობის პრესსამსახური
პარლამენტმა 86 ხმით 28-ის წინააღმდეგ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით 30 დეკემბერს დაამტკიცა.
გიორგი კვირიკაშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მესამე პრემიერ-მინისტრი გახდა მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული მიზეზების დასახელების გარეშე გადადგომის შესახებ განცხადება 23 დეკემბერს გააკეთა.
კვირიკაშვილმა მთავრობის შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები არ განახორციელა. ერთადერთი სიახლეა საგარეო საქმეთა მინისტრად მიხეილ ჯანელიძის დაწინაურება, რომელიც ამ სამინისტროში კვირიკაშვილის ხელმძღვანელობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო. ვიდრე სექტემბერში კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა, მას 2012 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა.
ახალმა პრემიერმა მთავრობაში სამომავლოდ ცვლილებები არ გამორიცხა. ამ ეტაპზე პოსტებზე შემდეგი მინისტრები რჩებიან:
- ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – კახა კალაძე;
- ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე–პრემიერი – დიმიტრი ქუმსიშვილი;
- თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი;
- ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
- იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
- სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ დანელია;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ნოდარ ჯავახიშვილი;
- კულტურის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
- სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი;
- განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე;
- გარემოს დაცვის მინისტრი -გიგლა აგულაშვილი;
- სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – დავით ბაქრაძე;
- სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – გელა დუმბაძე;
- სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი.
ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ახალ პრემიერ-მინისტრს მხარი არ დაუჭირეს.
მთავრობის დამტკიცებას წინ უძღოდა ორდღიანი საპარლამენტო განხილვები – 28 დეკემბერს კომიტეტებში, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან და 29 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა თავის პრიორიტეტებს შორის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირება დაასახელა და განაცხადა, რომ მთავრობის უმთავრესი საზრუნავი და სამოქმედო „ქვაკუთხედი“ ეკონომიკის განვითარება და დასაქმება იქნება, მათ შორის ახალგაზრდებს შორის ბიზნესის დაწყების წახალისების ახალი პროგრამის და კერძო სექტორისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების გზით.
„2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ დაიქირავა ჩვენი მთავრობა იმისათვის, რომ ვემსახუროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ძალიან ბევრი რამ იმისათვის, რომ მოგვეხდინა დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ უსმინოს თავისი მოსახლეობის ინტერესებს“, – განაცხადა მან პლენარულ სხდომაზე თავისი საპროგრამო გამოსვლაში.
„ჩვენ გადავჭერით არაერთი დაგროვილი პრობლემა“, – განაგრძო მან, „ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, ეს არის ის, რომ მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ ამ გზას მივყვეთ მომავალში“.
მან განაცხადა, რომ მთავრობა შეეცდება კომუნიკაციის ახალი კულტურა დაამკვიდროს, პარლამენტთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათი ჩართულობით იქნას მიღებული.
29 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი საზრუნავი „დემოკრატიული და კონკურენტული საარჩევნო გარემოს“ უზრუნველყოფა იქნება.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მან.
კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ამოცანა ბიუროკრატიის მასშტაბების ოპტიმიზაცია იქნება. „მინიმუმ ბიუროკრატიის ზარდა არ უნდა მოხდეს“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა 29 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე საუბრისას გაიმეორა, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.
„ჩვენ მომხრე ვართ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების, რათა საგარეო პოლიტიკური რისკები შევამციროთ იმისთვის, რომ საქართველოს დასავლურ ვექტორს არ დაემუქროს არაფერი“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგებისკენ „თამამი ნაბიჯები“ უნდა გადაიდგას. ამ კონტექსტში მან ახსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ ქართველებმა უნდა ისაუბრონ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე და განაცხადა, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, „შეიძლება გვქონდეს შინაგანი სკეპტიციზმი“, მაგრამ „მოვალენი ვართ, რომ მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე არ ვუპასუხოთ აპანჩურებით, უგულვებელყოფით“.
„ყველა პოტენციალი, რომელიც იქნება ამ მიმართულებით გაჟღერებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქტიულად უნდა მივიღოთ… უნდა გამოვწუროთ ყველა შესაძლო პოზიტივი,“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ჟენევის ფორმატის დომინირების პირობებში, ასევე შენარჩუნდება ე.წ. აბაშიძე-კარასინის ორმხრივი დიალოგის ფორმატი.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მზადყოფნა ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
„ჩვენ მივედით იმ განვითარების ეტაპზე, როცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ, მთლიანად საზოგადოებაში პოლიტიზაცია შევამციროთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ვართ გლადიატორები, რომლებსაც ყოველ საღამოს ტელევიზიით გვიყურებენ ჩვენი თანამემამულეები. ეს უნდა დასრულდეს“.
დებატების დროს ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან ამბობდა, რომ ღარიბაშვილის კვირიკაშვილით შეცვლა ქვეყანაში სიტუაციას ვერ გარდაქმნის, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „არაფორმალურ მმართველად“ რჩება.
„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს არ უჭერს შემოთავაზებულ მთავრობას იმ არაფორმალური და შეუზღუდავი გავლენის გამო, რომელიც მასზე ბიძინა ივანიშვილს აქვს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ კვირიკაშვილი არ იქნება დამოუკიდებელი ფიგურა და მოუწევს ივანიშვილის „ახირებების“ შესრულება.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უთხრა კვირიკაშვილს, რომ ის არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაქირავებული; მისმა თანაპარტიელმა თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ ის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება და არა ქვეყნის, რომლის „ეკონომიკური კრიზისიდან“ გამოყვანის გეგმაც მთავრობას არ გააჩნია.
ამასთანავე, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატი აღნიშნავდა კვირიკაშვილის კონსტრუქციულ და შემრიგებლურ ტონს, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მის წინამორბედთან ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ ოპონენტების მიმართ კონფრონტაციული რიტორიკის გამო. ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრების დროს კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მათთან თანამშრომლობისთვის გახსნილი იქნება.
დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან განუცხადა კვირიკაშვილს, რომ თანამშრომლობაზე შეთავაზება კარგია, თუკი ეს გულწრფელია, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ კვირიკაშვილს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა ექნება.
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი დეპუტატი გიორგი თევდორაძე ასევე მიესალმა კვირიკავშილის, მისი წინამორბედისგან განსხვავებულ, კონსტრუქციულ ტონს, თუმცა აღნიშნა, რომ მინისტრების პოსტებზე დატოვება იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ამგვარად.
დეპუტატმა სერგო რატიანმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა სხვა თამაში და ეს თამაში არის ძალიან მარტივი: ცუდი და კარგი პოლიციელის თამაში – ცუდი პოლიციელი იყო ღარიბაშვილი“.
ქართული ოცნების დეპუტატებმა ოპონენტები ნაციონალური მოძრაობიდან იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ სხვადასხვა სფეროებში განხორციელებულ პოლიტიკაზე, რაზეც მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს 28 დეკემბერს გამართული საკომიტეტო მოსმენების დროს.
„ორი დღის მანძილზე გიორგი კვირიკაშვილის სახით მე დავინახე ახალი პოლიტიკური ლიდერი“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, „ჩვენი ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ ბოლო ერთი წლის მანძილზე საპარლამენტო ვადის ამოწურვამდე, რომ ხალხი უიმედობის და სასოწარკვეთილების განცდით იყოს არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ არ ვიცხოვროთ იმ დღის წესრიგით, რასაც გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალები“.
ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან მოუწოდა ახალ პრემიერ-მინისტრს და მის კაბინეტს, რომ იყვნენ არა ტექნოკრატები, არამედ გადაიქცნენ პოლიტიკურ ფიგურებად და კაბინეტებიდან გავიდნენ ხალხთან უფრო ხშირად სასაუბროდ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ უშუალოდ მინისტრებისგან მიიღოს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია შეავსებს კომუნიკაციის ნაკლებობით გამოწვეულ დეფიციტს.
ქართული ოცნების დეპუტატმა ეროვნული ფორუმიდან გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზები მისთვისაც კი გაურკვეველი დარჩა.
„ოფიციალური ვერსია, რაც ჩვენ გვაქვს, არანაირად არის დამაჯერებელი. და როცა დამაჯერებელი არ არის ოფიციალური ვერსია, ეს იწვევს ჯერ რამდენიმე ჭორის და ვარიანტის შექმნას და მერე შეიძლება ეს ათეული ვარიაცია გახდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რატომ წავიდა – აქ არ არის პერსონაზე ლაპარაკი, ირაკლი ღარიბაშვილზე… ის ვერსია, რომ იქმნება პრეცედენტი, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის პიკზე ადამიანი უნდა წავიდეს, ჩემთვის პირადად არ არის დამაჯერებელი და მიუღებელიც არის… ეს სახელმწიფოსთვის ცოტა არ იყოს სახიფათოა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ქართული ოცნების დეპუტატმა და ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უპასუხა, რომ ღარიბაშვილმა გადადგომის მიზეზებზე „ღიად“ ისაუბრა, როცა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრობა მისი თვითმიზანი არ იყო.
„ჩვენივე თანაგუნდელებისგან ასეთი ტიპის შეკითხვების დასმა, აქ, ამ დარბაზში კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას გამოიწვევს“, – განაცხადა კობახიძემ.
‘ახალი პოლიტიკური რეალობა’
თავის დასკვნით გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კოალიცია ქართულ ოცნებას მხარდაჭერისთვის და ასევე „ყველა ოპონენტს“, განსაკუთრებით კი „იმ ოპონენტებს, რომლებმაც ადვილად აუღეს ალღო ახალ პოლიტიკურ რეალობას და არ დატოვეს ჩემი გამოწვდილი ხელი ჰაერში“.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ დანარჩენებიც დროთა განმავლობაში მოახდენენ ადაპტირებას ახალ პოლიტიკურ რეალობასთან“,- განაცხადა მან.
„ერთადერთი სურვილი, რომელიც დღეს მე გამაჩნია, არის ის, რომ იმ წუთიდანვე როგორც კი დამთავდება კენჭისყრა ჩვენს გუნდს მიეცეს საშუალება დაიწყოს იმ კარგი საქმეების კეთება ჩვენი ქვეყნისთვის, იმ პროექტების შესრულება და აღსრულება, რომლებზეც ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ. იქნება ბევრი პოლემიკა და დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ იქნება ისტერია და იქნება კონსტრუქციული განხილვა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა საზოგადოება ვართ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ დავიხლიჩოთ და დავხარჯოთ ენერგია იმაში, რომ ვუმტკიცოთ ერთმანეთს რომელი უფრო უკეთესი ვართ. საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია ჩვენი სამშობლო და ყველანი უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ პარტიის წევრები. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ ავაშენოთ სწორედ ასეთი ქვეყანა და ყველა ადამიანს, ვისაც ექნება სურვილი, რომ ამ პარტიაში, ამ სახლში შეიტანოს სითბო და შუქი, მიეცეს ამის საშუალება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)