Site icon Civil.ge

ივანიშვილი ახალ პრემიერ-მინისტრზე, მოსამართლის სადავო დანიშვნასა და მომავალ არჩევნებში მის როლზე



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-თან ინტერვიუს დროს, 2015 წლის 30 დეკემბერი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის კოალიცია ქართული ოცნების პარტიული სიის დაკომპლექტებაში პირადად არის ჩართული და სურს, რომ 2016 წლის ოქტომბერში „ახალი სახეები“ იქნენ არჩეულნი პარლამენტში.

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-თან ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან აქტიურად ჩაებმება ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში. მან ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის შეცვლაზე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადავო გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც გირგვლიანის საქმის მოსამართლე ხელახლა დაინიშნა.

კითხვაზე მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ქართული ოცნების საარჩევნო სიის შედგენაში, ივანიშვილმა უპასუხა: „მივიღებ, რა თქმა უნდა, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას“. 

„ძალიან აქტიურად ჩავერევი და მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რომ მან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.  

მართალია მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიმართ მის პატივისცემას, თუმცა ასევე განაცხადა, რომ „გუნდმა უნდა მოახერხოს გადახალისება“. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან „ახალი კადრების“ შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო და დასძინა, რომ სასურველია „ახალი სახეები“ მოხვდნენ პარლამენტში.

„პარლამენტი უნდა გადახალისდეს და ეს საჭიროება აშკარად ემჩნევა, ჩვენს პარლამენტს თუ შევხედავთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ისეთი ხალხი უნდა შევიდეს, რომლებიც „კანონწარმოებაზე“ იქნებიან უფრო მეტად ორიენტირებულები. 

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არავითარი მიზეზი იმისა, რომ მმართველი კოალიცია დაიშლება, არ ჩანს; თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ასეც რომ მოხდეს, „არავითარი დრამატიზირება ამას არ სჭირდება“.

„კოალიცია –  ერთად თუ ცალ-ცალკე – ყველა შემთხვევაში განწირულია მოგებისთვის და ამ არჩევნებს დიდი ანგარიშითაც მოიგებს“, – განაცხადა მან.

თავის წინა სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც ოქტომბერში შედგა, ივანიშვილმა მიანიშნა, რომ ამჟამინდელი დეპუტატების სულ ცოტა ნახევარი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა აღარ მოხვდეს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. 

ახალ პრემიერ-მინისტრზე საუბრისას, ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი დაახასიათა, როგორც „საოცრად დაბალანსებული“ პიროვნება, რომელიც მთავრობის „ძალიან წარმატებული“ ხელმძღვანელი იქნება.

„გიორგი რომ კარგი მენეჯერია, ეს უკვე ვიცით ყველამ“, – განაცხადა მან, „როგორი პოლიტიკური ლიდერი იქნება, სხვათა შორის, ეს ჩემთვისაც კითხვად რჩება… მე ვფიქრობ, რომ ის იქნება წარმატებული ლიდერი“. 

მისი თქმით, კვირიკაშვილმა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბერამდე ეკონომიკის მინისტრი იყო, კარგად გაართვა თავი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაახლოებით ოთხ თვიან საქმიანობას და ასევე, კარგად მიიღეს ის ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა.

კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა; მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან კონკრეტული მიზეზების დასახელები გარეშე გადადგა და განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნა მისი თვითმიზანი არ ყოფილა. არა მხოლოდ ოპონენტებმა, არამედ ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა და მხარდამჭერმაც ისურვა ამ საკითხში მეტი სიცხადის შეტანა. „ის ვერსია, რომ იქმნება პრეცედენტი, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის პიკზე ადამიანი უნდა წავიდეს, ჩემთვის პირადად არ არის დამაჯერებელი და მიუღებელიც არის… ეს სახელმწიფოსთვის ცოტა არ იყოს სახიფათოა“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ეროვნული ფორუმიდან გუბაზ სანიკიძემ ახალი პრემიერის დამტკიცების წინ გამართული საპარლამენტო დებატების დროს.

ივანიშვილმა თავის ინტერვიუში შეაქო ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ „ბედნიერი და კმაყოფილია“ გადადგომის თაობაზე მისი გადაწყვეტილებით. „მე ვერ ვხედავ და არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან განაცხადა, რომ ღარიბაშვილი გადადგომამდე რამდენჯერმე შეხვდა კონსულტაციებისთვის,  თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობიდან ის „მისი პირადი გადაწყვეტილების“ საფუძველზე გადადგა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების გუნდის წევრები „დაბნეულები“ იყვნენ ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო, რადგან არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული მისი გადადგომის განზრახვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამის მიზეზი ისიცაა, რომ „ირაკლიმ იჩქარა“. 

„ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე, თავისი წარმატების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება ისევე, როგორც მე, როგორც პოლიტიკოსმა… დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა… წასვლის მიზეზი, მხოლოდ წასვლაშია, რომ მან მისცეს საშუალება სხვებსაც მოსინჯონ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ღარიბაშვილს ბევრი არჩევანი და ასევე ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში, „კრიზისულ თუ არაკრიზისულ“ სიტუაციაში „თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი“. 

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა მოსამართლე ლევან მურუსიძის ხელახლა დანიშვნაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რასაც ბევრი ოპოზიციური პარტიის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა მოყვა

მართალია ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მასაც არ მოეწონა, თუმცა  შეეცადა ნაკლები აქცენტი გაეკეთებინა ამაზე და განაცხადა რომ მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნაში „არაფერი კატასტროფა“ არ მომხდარა; მან ასევე აღნიშნა, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ახალი კენჭისყრა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ გახდეს. 

უთანხმოება მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნის თაობაზე, რომელიც ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ 2007 წელს ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს უძღვებოდა, როდესაც საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავდა. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები მაშინ ამაოდ ეცადნენ, რომ საქმე ხელახალი გამოძიებისთვის ისევ ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებულიყო. მურუსიძე აცხადებს, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შანსი არ იყო, რადგანაც მას ხარვეზების მქონე კანონმდებლობით ხელფეხი ჰქონდა შეკრული. მაშინ მოსამართლემ ასევე შეუმცირა სასჯელის ვადა შსს–ს იმ თანამშრომლებს, რომლებიც გირგვლიანის საქმეზე იყვნენ გასამართლებულები.

მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებდა, პარლამენტის მიერ არჩეულ და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ სამ წევრს მისთვის მხარი რომ არ დაეჭირათ. ამ გადაწყვეტილების ბევრი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ ეს სამი წევრი ხმას არ მისცემდა მურუსიძეს ივანიშვილის თანხმობის გარეშე, რამაც ვარაუდები გამოიწვია იმაზე, რომ ქართული ოცნება სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მიზნით გარიგებაში შედის იმ მოსამართლეებთან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაინიშნენ.

ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა მურუსიძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან მის ხელახლა დანიშვნას ქართული ოცნების „სერიოზული ჩავარდნა“ უწოდა.  „მურუსიძის ვირუსი ჩვენთვის არის ძალიან სახიფათო“, – განაცხადა მან. 

კოალიციის ზოგიერთი სხვა დეპუტატი ნაკლებად კრიტიკული იყო. მათი თქმით, მართალია  ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, მაგრამ ისინი უძლურნი იყვნენ, ვინაიდან  ეს გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ დამოუკიდებლად მიიღო და ისინი ვერ ჩაერეოდნენ.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის დეპუტატების ამ ჯგუფის პოზიციას იზიარებს.

ტელეკომპანია GDS–თან ინტერვიუში, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მასაც არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ის სწორედ სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და არ უნდა მოხდეს გარედან ჩარევა.

საკითხზე საუბრისას მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იქნება ინდივიდუალური მოსამართლეების, მათ შორის მურუსიძის დადანაშაულება მართლმსაჯულების დარღვევაში, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე.

„ამ სისტემის მსხვერპლი გახდა გირგვლიანი და არა ისე, როგორც დღეს ხატავენ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბევრი მოსამართლე თავადაც  სისტემის მსხვერპლი იყო.

მისი თქმით, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, მან უარი თქვა, რომ იგივე გაემეორებინა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როდესაც სასამართლო სისტემა „გაწმინდა“ და ის ლოიალური მოსამართლეებით გაავსო. სანაცვლოდ, მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მოსამართლეებს სრული თავისუფლება მიანიჭა, რაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ იგივე ხერხი უნდა გამოგვეყენებინა, რასაც იყენებდა სააკაშვილი და მისი გუნდი… ძალიან ცდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამ საკითხზე საუბრისას მან პრეზიდენტი მარგველაშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის მურუსიძის ხელახლა დანიშვნაზე მიმდინარე დებატებში ჩაერია.

25 დეკემბერს მურუსიძის სასარგებლოდ კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ბერკეტებით, გააგრძელებს და ბოლომდე მიიყვანს ბრძოლას სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად. 

25 დეკემბრის კენჭისყრამდე იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ საკითხზე საჯარო კომენტარს არ აკეთებდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, რომ 22 დეკემბერს გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დაეჯილდოვებინა სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტის პოზიციის მკაფიო დემონსტრირებად იქნა აღქმული. ჯილდო ირინა ენუქიძის მეუღლეს, გურამ გირგვლიანს გადაეცა, რომელმაც განაცხადა,  თუ მურუსიძე ხელახლად დაინიშნებოდა მოსამართლედ, „მაშინ გამოდის, რომ ირინა ენუქიძის ბრძოლას არავითარი ფასი არ ჰქონია“.

ამ ცერემონიის დროის შერჩევის გამო ივანიშვილმა მას „სპექტაკლი“ უწოდა; თუმცა, შემდეგ მან დასძინა, რომ ირინა ენუქიძე „იმსახურებს დიდ პატივისცემას“  სამართლიანობისთვის ბრძოლის გამო.

„არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების არც ერთი შტო – სასამართლო თვითონ არის ხელისუფლების ნაწილი – სხვა შტო არ უნდა ჩაერიოს სასამართლოს მმართველობაში. ხელისუფლების ნაწილმა, და პრეზიდენტიც არის ხელისუფლების ნაწილი, აშკარად გამოკვეთილად დაიწყო სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)