თავიანთ საახალწლო მილოცვებში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახალმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „თავისუფლება“ და „თავისუფალი მოქალაქეები“ ახსენეს, 2016 წელს „ახალ ნაბიჯზე“ და „ახალ რეალობაზე“ ისაუბრეს და სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს მიმართეს.
პრეზიდენტმა ახალი წელი მოსახლეობას თავისუფლების მოედანზე საახალწლო კონცერტისთვის დამონტაჟებული სცენიდან მიულოცა.
აღნიშნა რა, რომ 2016 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25–ე წლისთავი აღინიშნება, მარგველაშვილმა განაცხადა: „ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ჩვენ უნდა ვაქციოთ თავისუფლებად. თავისუფლება კი ნიშნავს ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ; ისეთი ნიჭიერები, როგორებიც ვართ; ისეთი განსაკუთრებულები, როგორებიც ვართ. თავისუფლება ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის შუღლი, რომელიც გვქონდა. დავივიწყოთ ის შეცდომები, რომელიც გვქონდა. თავისუფლება ნიშნავს – გვიყვარდეს ერთმანეთი. თავისუფლება ნიშნავს – გავხადოთ საქართველო ნამდვილად ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და დღეს ჩვენ აი ამ ეპოქის, აი ამ ახალი ნაბიჯის დასაწყისს ვზეიმობთ“.
„მე მინდა მოულოცო დღეს იმ თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან და ვუთხრა- ჩვენ მომავალი ერთად გვაქვს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ახალი წლის ღამეს პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა და ავღანეთში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს ახალი წელი სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის საახალწლო მილოცვაში ასევე ახსენა საერთაშორისო მისიებში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები და განაცხადა, რომ ისინი „სამშობლოდან შორს, საქართველოს ინტერესებს იცავენ“.
კვირიკაშვილმა, რომელიც ახალ პრემიერ–მინისტრად პარლამენტმა 30 დეკემბერს დაამტკიცა, აფხაზ და ოს „ძმებსა და დებს“ მიმართა: „მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის; თუმცა მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი“.
„2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით. საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ოჯახებს, ჩვენს შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„დამდეგი წელი მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივულოცო. 2016 წელი იქნება თქვენი წარმატებების წელი. თქვენშია ყველაზე დიდი პოტენციალი. და ჩვენ ყველა თქვენს წამოწყებას, ყველა თქვენს იდეას გვერდით დავუდგებით. მჯერა, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ თითოეული თქვენგანის წარმატებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მან.
„მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გახდება წელში გამართული, ეკონომიურად ძლიერი. საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენთაგანის შრომაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)