Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის პირველ მოადგილედ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის 8 იანვრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. 

კიდევ ერთი მოადგილის ვაკანტური პოსტი ზვიად გონაძემ დაიკავა, რომელიც 2012-2016 წლებში სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი იყო და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გააჩნია საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა  დროს მთავრობისა და პრეზიდენტის კანცელარიებში ამ მიმართულებაზე მუშაობისას დააგროვა. 

ახალი მინისტრის მიხეილ ჯანელიძის დანარჩენმა ოთხმა მოადგილემ  – დავით დონდუამ, დავით ჯალაღანიამ, გიგი გიგიაძემ და ხათუნა თოთლაძემ  – თანამდებობები შეინარჩუნეს.

რაც შეეხება დავით ზალკალიანს, ის მინისტრის პირველი მოადგილის იმ თანამდებობაზე დაბრუნდა, რომელიც მას 2012 წლის ოქტომბრიდან ეკავა, ვიდრე 2014 წლის ნოემბერში გადადგებოდა მმართველი კოალიცია ქართული ოცნების რიგებიდან მისი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის გამო; თუმცა ამ ნაბიჯიდან ერთი წლის თავზე, 2015 წლის ოქტომბერში ზალკალიანმა "თავისუფალი დემოკრატებიც" დატოვა. ზალკალიანი 2004-2007 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.