სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავარი პროკურორი, მერაბ ჩიგოევი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ცხინვალში 9 იანვარს ქუჩაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თავდაპირველად რუსული და ადგილობრივი მედია წყაროები იტყობინებოდნენ მოწმეზე დაყრდნობით, რომ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით იგივე მედია წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, რომ მძღოლს გაქცევა არ უცდია და ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს; ის ცხინვალის მკვიდრი, 33 წლის სოსლან თედეევია.
სეპარატისტული რეგიონის სამართალდამცავი სტრუქტურები ინციდენტს, როგორც განზრახ ჩადენილ დანაშაულს, არ განიხილავენ.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელმაც საგზაო უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა, საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, 10 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა: „ამ დანაშაულის გამოძიება პირად კონტროლზე ამყავს. მაგრამ სხვა რა შეიძლება ითქვას. საქმე პრაქტიკულად გახსნილია. დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“.
მერაბ ჩიგოევს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2012 წლის აპრილიდან ეკავა; 2004-2008 წლებში ის სეპარატისტული რეგიონის იუსტიციის მინისტრი იყო.