სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა ორშაბათს, რომ სამი პირი დააკავა, რომლებიც რადიოაქტიური ნივთიერების, ცეზიუმ 137-ის გასხვისებას აპირებდნენ.
1979 წელს დაბადებული მირიან ბ, 1971 წელს დაბადებული კონსტანტინე ბ. და 1976 წელს დაბადებული იოსებ ჩ. მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ცეზიუმ 137-ის გასხვისებას 100 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გაამხილა პოტენციური მყიდველის ვინაობა და არც ის, იყო თუ არა ეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერაცია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერების რაოდენობის შესახებ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამმა პირმა ცეზიუმ-137 უკანონოდ შეიძინა და თბილისში ინახავდა, სანამ გაყიდვას შეეცდებოდა.