საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გმობენ 12 იანვარს სტამბოლის ცენტრში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავის წერილობით განცხადებაში ასევე „გულწრფელ თანაგრძნობას“ უცხადებს „საზარელი ტერაქტის“ გამო დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს, დაახლოებით 15 ადამიანს, გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული“, – აცხადებს კვირიკაშვილი, „ვგმობ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევაჩერებთ უდიდეს ბოროტებას, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება“.