სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება იმ შეზღუდვების სიას მოამზადებს, რომელთაც ის თურქეთთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში შემოიღებს იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თურქეთისთვის დაწესებულ რუსულ სანქციებთან სოხუმის შეერთებას გულისხმობს.
სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა არტურ მიქვაბიამ 11 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მინისტრებს 20 იანვრამდე კონკრეტული ღონისძიებების სიის წარდგენა დაევალათ – დაწყებული „კონტროლის გაძლიერებით“ თურქულ არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებიც აფხაზეთში ფუნქციონირებენ და დამთავრებული თურქეთიდან ზოგიერთი პროდუქციის იმპორტის აკრძალვით.
მაშინ, როცა შეზღუდვების უმეტესი ნაწილი 20 იანვრისთვის უნდა შემუშავდეს, განკარგულებით უკვე აიკრძალა აფხაზეთში რუსეთის ფინანსური დახმარებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თურქული კომპანიების ან იმ ორგანიზაციების დაქირავება, რომელთაც თურქეთის მოქალაქეები „აკონტროლებენ“.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გამომდინარეობს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული ალიანსის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას.
ამ გადაწყვეტილებას ორი კვირით უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ვიზიტი სოხუმში, რომელმაც აფხაზებთან „კოორდინირებული“ ქმედებების საჭიროებას გაუსვა ხაზი იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც ნოემბერში თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვსა და ანკარას შორის შეიქმნა.
განკარგულების თანახმად, სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, რომ 20 იანვრამდე წარმოადგინოს წინადადებები კონტროლის გამკაცრებაზე აფხაზეთში მოქმედი იმ არაკომერციული ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულია ან რომელთაც მართავენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ანდა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან და თურქეთის მოქალაქეები აკონტროლებენ.
ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ასევე საბაჟო სამსახურს განკარგულებით დაევალათ, რომ 20 იანვრამდე წარადგინონ წინადადებები „დროებითი შემზღუდველი ზომების შემუშავების თაობაზე თურქეთში წარმოებული ცალკეული ტიპის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით“.
ზოგიერთი რუსული და აფხაზური წყაროების შეფასებით, თურქეთთან ვაჭრობის წილი სეპარატისტული რეგიონის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 18–20%–ს შეადგენს.
აფხაზეთის ექსპორტის დაახლოებით 10% თურქეთში მიდის; სეპარატისტულ რეგიონს ძირითადად ქვანახშირი, თევზი და ჯართი გააქვს.
სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრემიერის დიმიტრი სერიკოვის თქმით, აფხაზეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის პირველ ათ თვეში 2.5 მილიარდი რუბლი შეადგინა (დაახლოებით 32.6 მილიონი აშშ დოლარი 13 იანვრის კურსით).
სერიკოვმა, რომელსაც პრემიერ–მინისტრის განკარგულების შესრულების კონტროლი დაევალა, განაცხადა, რომ დაგეგმილი შეზღუდვები არ გავრცელდება თურქეთში აფხაზურ ექსპორტზე და ისინი მხოლოდ თურქეთიდან ზოგიერთი პროდუქტის იმპორტს შეეხება.
აფხაზეთს ძირითადად სამშენებლო მასალები, საწვავი, საკვები და ტექსტილი შემოაქვს თურქეთიდან.
„სამინისტროების წინადადებებს მთავრობა 20 იანვარს განიხილავს; მთავრობაში განხილვის შემდეგ შემოთავაზებული [შეზღუდვები] ან დამტკიცდება და ან არა“, – იტყობინებოდა „ეხო კავკაზა“ 12 იანვარს სერიკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტი იქნება კონკრეტულ შეზღუდვებზე გადაწყვეტილების მიღებისას.
„არავინ აპირებს იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც ვსხედვართ“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრემიერმა.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა შეშფოთება გამოთქვა შეზღუდვების შემოღებაზე მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ზომები აფხაზეთში თურქეთის იმ მოქალაქეების ბიზნესებზე იმოქმედებს, რომლებიც თურქეთში აფხაზურ დიასპორას წარმოადგენენ და ვისთანაც სოხუმი ახლო ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობს.
აფხაზმა დეპუტატმა ბესლან ცვინარიამ განაცხადა, რომ ეს „ნაჩქარევი გადაწყვეტილება“ იყო.
„ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი დიასპორა ცხოვრობს იქ [თურქეთში]“, – განუცხადა მან „ეხო კავკაზას“, „ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჩვენ დიასპორას დაარტყამს. ვფიქრობ, ეს არასწორია“.
ოპოზიციური ძალების ბლოკმა, რომელმაც აფხაზეთის მთავრობის მსგავსად, ნოემბერში ასევე დაგმო თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, განაცხადა 12 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ ხელისუფლებამ ძალღონე არ უნდა დაიშუროს თურქეთში აფხაზურ დიასპორასთან კავშირების შესანარჩუნებლად.
„აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია… რა თქმა უნდა, თურქული კომპანიების მონაწილეობა რუსეთის მიერ დაფინანსებული ობიექტების მშენებლობაში დაუშვებელია. იმავდროულად, გვჯერა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას თურქეთში ჩვენი დიასპორის ურთიერთობების გაწყვეტა თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან ამ სანქციების შედეგად“, – ნათქვამია ოპოზიციური ძალების ბლოკის განცხადებაში.
თურქული თევზსაჭერი გემები აქტიურად არიან ჩართულები თევზჭერაში შავ ზღვაში აფხაზეთის სანაპიროს გასწვრივ. თუმცა, დეკემბრის შუა რიცხვებში რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ „როსრიბოლოვსტვომ“ განაცხადა, რომ რუსული თევზსაჭერი გემები „აფხაზეთის წყლებში“ დაიწყებენ თევზჭერას და შესაძლოა, მათ თურქული თევზსაჭერი გემები ჩაანაცვლონ.
ამგვარი ეკონომიკური საქმიანობა აფხაზეთში საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს. საქართველოს სანაპირო დაცვამ 2013 წელს სულ ცოტა ოთხი თურქული გემი დააკავა სეპარატისტულ რეგიონში უკანონო შესვლის გამო; მას შემდეგ ამგვარი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)