Site icon Civil.ge

შინაგან საქმეთა მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს



მარცხნიდან მარჯვნივ: შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე მერაბ მალანია; შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; მისი ახალი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი და კიდევ ერთი ახალი ამოდგილე დავით ვარდიაშვილი. ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც 14 იანვარს თავისი სამი ახალი მოადგილე წარადგინა, განაცხადა, რომ სამინისტროს მიზანს წარმოადგენს „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები“. 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა; მანამდე ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ამირანაშვილმა წინა პოსტებზე „კრიმინალთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა“ და დასძინა, რომ სისტემას სჭირდება ამირანაშვილის მსგავსი „პრაქტიკოსი და ძლიერი პროფესიონალები“.

დანარჩენ ორ მოადგილედ დაინიშნენ დავით ვარდიაშვილი, რომელიც საფინანსო–სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს, და მერაბ მალანია, რომელიც მანამდე შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი იყო.  

შს მინისტრის ორმა მოადგილემ, დავით ხუციშვილმა და თეიმურაზ მღებრიშვილმა თანამდებობები კვირის დასაწყისში დატოვეს.

კიდევ სამი მოადგილე – არჩილ თალაკვაძე, შალვა ხუციშვილი და ზურაბ გამეზარდაშვილი პოსტებს ინარჩუნებენ.

14 იანვარს ახალი დანიშვნების შესახებ განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და სისტემური ცვლილებებისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უახლოეს პერიოდში იგეგმება“. მან ასევე განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ დაგეგმილი ცვლილებები არ შეეხება საპატრულო პოლიციას.

„ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები“, – განაცხადა მღებრიშვილმა, რომელმაც დეკემბრის ბოლოს გამართული საპარლამენტო მოსმენების დროს აღიარა, რომ „გარკვეულწილად მომატებული არის მძიმე დანაშაულები“.

„ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან“, – განაცხადა მან და ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს „შეუწყნარებელი პოლიტიკა“ ექნება დანაშაულის მიმართ.

„პოლიცია იმოქმედებს კანონის და რაღა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულთან. ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციელისადმი, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ჩვენ ერთად ამ გზაზე აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები“, – განაცხადა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)