Site icon Civil.ge

კვირიკაშვილმა რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმების ინიციატივა კვლავ წამოწია

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობა „უახლოეს მომავალში“ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს.

„მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა საგადასახდო ლიბერალიზაციის კუთხით და ჩვენ აქტიურად ვიხილავთ საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას საქართველოში, კერძოდ საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ და მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში. ანუ საუბარია იმაზე, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ და მხოლოდ განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს. ესტონეთს 2000 წლიდან რეინვესტირებულ მოგებაზე ნულოვანი  გადასახადი აქვს.     

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან… და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, რომ მზა კანონპროექტი განვიხილოთ მთავრობაში და გადაგზავნილი იქნას პარლამენტში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ეს ისეთი საკითხია, რასაც არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს“.

პირველად კვირიკაშვილმა ეს იდეა 2015 წლის მარტში გაახმოვანა, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო. მაშინ მან განაცხადა, რომ მართალია მოკლევადიან პერიოდში რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს სახელმწიფო ხაზინაზე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისის სახით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ  ოქტომბერში განაცხადა, რომ მთავრობა რეინვესტირებულ მოგებაზე საგადასახადო რეფორმის განხორციელებას არ ჩქარობდა და აღნიშნა, რომ ეს „საკმაოდ რთული  და ბევრი რისკის შემცველი პროცესია“.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საწარმოებიდან მოგების გადასახადის სახით  980 მილიონი ლარის შემოსავლებია დაგეგმილი, რაც წელს პროგნოზირებული მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 12.3%–ს შეადგენს.