Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20 იანვარს დავოსში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა სამშაბათს, რომ ფორუმის ფარგლებში კვირიკაშვილი  თავის ჰოლანდიელ და ყაზახ კოლეგებს, მარკ რუტეს და კარიმ მასიმოვს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, შვეიცარიის პრეზიდენტს და ეკონომიკურ საქმეთა მინისტრს იოჰან შნაიდერ ამანს შეხვდება; ასევე დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდთან. პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილი ასევე შეხვდება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს, ტონი ბლერს, რომელიც ნოემბერში ხანმოკლე ვიზიტით სტუმრობდა თბილისს.  

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.